ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგელი მომიტინგეები საკონსულოებს მხარდაჭერას სთხოვენ

REUTERS

ათასობით ჰონგ-კონგელი ავსტრალიის, ბრიტანეთის, ევროკავშირის, აშშ-ის, იაპონიისა და კანადის საკონსულოებთან მსვლელობით მივიდნენ. მომიტინგეები საგარეო მთავრობებს სთხოვენ, რომ აშშ-ის მსგავსად მათაც დაუჭირონ მხარი ჰონგ-კონგში ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას.

მომიტინგეები პეტიციით საგარეო მთავრობებს სთხოვენ, რომ "ჰონგ-კონგთან დადგნენ" და მიიღონ ისეთი კანონი, რაც ჰონგ-კონგელ და ჩინელ მაღალჩინოსნებს აქტივებს გაუყინავს, სამოგზაურო სანქციებს დაუწესებს და სხვ.

"რაც ჰონგ-კონგში ხდება არაა ადგილობრივი პრობლემა, ეს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას ეხება. ქვეყნების მთავრობებმა უნდა გაიგონ, თუ როგორ ჩაგრავენ ამ ქალაქს," - ამბობს ერთერთი მომიტინგე. 

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ტრამპმა ხელი მოაწერა ჰონგ-კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კანონპროექტს.

კანონი ყოველწლიური შემოწმების საშუალებას იძლევა, თუ რამდენად შეესაბამება ჰონგ-კონგის ავტონომია აშშ-სთან მის სპეციალურ სტატუსს. ამ სტატუსის ფარგლებში ამჟამად ჰონგ-კონგს აშშ-ის მიერ ჩინეთისათვის დაწესებული სანქციები არ ეხება. კანონის ფარგლებში პროტესტის დროს დაკავებულებს აშშ ვიზის მიღების საშუალებას მისცემს. კანონით შესაძლებელი იქნება ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ჰონგ-კონგში ძირითად თავისუფლებებს ზღუდავენ, შეზღუდვები დააწესონ - მათი ანგარიშები გაყინონ, აშშ-ში შესვლა აუკრძალონ და სხვ.

გარდა ამისა ტრამპმა ხელი მოაწერა მეორე კანონსაც, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციისათვის ხალხის მასის კონტროლის იარაღის მიყიდვას კრძალავს, მათ შორის ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების.

ჰონგ-კონგში აქციები უკვე ნახევარ წელზე მეტია გრძელდება. მომიტინგეები მეტ თავისუფლებასა და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები