ვოლსკი: გერმანიაში ყოველ წელს ასეულობით ახალგაზრდა იკლავს თავს - გლობალური პრობლემაა

ტაბულა

"გერმანიაში სამუშაო ადგილების დეფიციტი კი არ არის, სამუშაო ძალის დეფიციტია და ყოველ წელს რამდენიმე ასეული ახალგაზრდა იკლავს თავს გარდამტეხ პერიოდში. ეს გლობალური პრობლემაა, რომელსაც ესეთი მიდგომა, რომ მაინცდამაინც პიროვნება გამოაჭენო წინ, დააბრალო და ყველა ცოდვა ჩამოკიდო, არის ყველაზე ცუდი გზა, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ ამ შემთხვევაში", - ამბობს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბარში.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ სად ხედავს უმრავლესობის ლიდერი პრობლემას მომხდარ უბედურებასთან დაკავშირებით, ვოლსკი პასუხობს, რომ პრობლემა გაუნათლებლობაა, - "პრობლემას ვხედავ გაუნათლებლობაში, მათ შორის, იმ ადამიანების, ვინც თავს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს ეძახიან. მოუსმინეთ რას ლაპარაკობს ხალხი, როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს ახალგაზრდებთან გარდამტეხ პერიოდში", - განმარტავს გია ვოლსკი.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სირაძემ ყოფილი სასწავლებლის "მწვანე სკოლის" კედლებზე რამდენიმე წარწერა გააკეთა, მათ შორის "ამ ცხოვრების დედაც". 

საია-ს ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ შსს-მ რამდენიმე კომენტარი და განცხადება გაავრცელა და უარყო, რომ ბიჭზე რაიმე სახის ზეწოლა ხდებოდა. უწყება აცხადებდა, რომ მოზარდი მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ.

თუმცა, მოზარდის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ საათში დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. გამოძიება მას ჩვენების მიცემის იძულებას ედავება. 

კომენტარები