მოზარდზე ზეწოლა

სახელმწიფო ინსპექტორი: ლუკა სირაძე მშობლის გარეშე დაახლოებით 20 წუთით იყო პოლიციაში

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძე 10 დეკემბერს დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე. 

"ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში, ბავშვის გამოკითხვის პროცესს არ ესწრებოდა, ეს დადასტურებულად შემიძლია, გითხრათ. რაც შეეხება განყოფილებაში მშობლის გარეშე ბავშვის ყოფნის ფაქტს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს შესაბამისი კამერის ჩანაწერები, თუ როგორ ხდება, რა ხდება ბავშვთან მიმართებით... ეს არის მხოლოდ ვიდეოჩანაწერები, აკრძალულია სამუშაო სივრცეში თანამშრომლების აუდიომოსმენა" - ამბობს თოლორაია, რომელმაც 19 დეკემბრის ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ 10 გამომძიებელი ბავშვს ექვს საათზე მეტ ხანს, გვიან ღამემდე კითხავდა. მან დაადასტურა საიას და ოჯახის ინფორმაცია, რომ "დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში", ლუკა სირაძეს ძმისთვის "გარკვეული პრობლემების შექმნით" დაემუქრნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძე "გარკვეულ მომენტში" მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან. ორი დღის შემდეგ, საქმეზე გამართულ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია უარყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ნინო ცაციაშვილის მტკიცებით, არასრულწლოვანი პოლიციას მშობლის გარეშე არ გამოუკითხავთ. მისი თქმით, განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

---

15 წლის ბიჭი კორპუსის მე-9 სართულიდან 11 დეკემბერს გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა - მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ. ეს მხოლოდ ბიჭის გარდაცვალების შემდეგ დაადასტურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და ჩვენების იძულებით მიღების ბრალდებით დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით დაკავების მომენტიდან კლინიკაში იმყოფება.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის მტკიცებით, მოზარდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას მარიანა ჩოლოიანის გარდა, კიდევ მინიმუმ სამი პოლიციელი ახდენდა. გარდა ამისა, საია აღნიშნავს, რომ სისტემაში მომხდარ დანაშაულზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა უნდა აიღოს და გადადგეს. 

კომენტარები