ვაჟა გაფრინდაშვილი

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთს გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი

"აშშ-ის მთავრობა არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ხელისუფლებას და არც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილისადმი გამოტანილ დღევანდელი განაჩენის ლეგიტიმურობას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დეფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციაში არსებულ პირებს, რომელთაც მათზე გავლენა აქვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ექიმი გაფრინდაშვილი", - წერია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავცელებულ განცხადებაში რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილზე, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები ქართველი ექიმის ოკუპანტების მიერ დატყვევებას სამწუხარო შემთვევად აღიქვამს და მომხდარს უფრო დიდი პრობლემის, ოკუპაციისა და აგრესიის "მორიგ სიმპტომად" აფასებს.

"აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მოხდა სხვა დაკავებების ფონზე, ასევე გაუარესებულია ჰუმანიტარული სიტუაცია, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანთა ცხოვრებას, როდესაც ისინი ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და გაუარესებულია ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ სიტუაცია, რაც ზედმეტად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ყოფაზე ორივე მხარეს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, სადაც ამ კონკრეტულ და ფართო საკითხებს ყველა შესაბამისი მხარის წინაშე ვაყენებთ.", - წერია განცხადებაში.

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს, ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა გატაცების შემდეგ ოკუპანტებს უთხრა, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე".

ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით.

ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები