სამთავრობო პროპაგანდა

FB გვერდებზე კითხვებს "ოცნების" უმეტესობა თავს არიდებს, ნაწილს "ცრუ ინფორმაციაზე" აქვს ეჭვი

0 კომენტარი

მას შემდეგ, რაც ფეისბუქმა 400-ზე მეტი ქართული პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ფეისბუქ გვერდი წაშალა და თქვა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას უკავშირდება, ტაბულა ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დაკავშირებას ცდილობს. ნაწილი სატელეფონო ზარს საერთოდ არ პასუხობს, ნაწილი კი კითხვაზე პასუხს თავს არიდებს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს მთელი დღის განმავლობაში ვურეკავდით, თუმცა, დიდმა ნაწილმა კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

დროის სხვადასხვა შუალედით ტაბულა ურეკავდა ქართული ოცნების შემდეგ დეპუტატებს:

  • ირაკლი სესიაშვილი
  • გიორგი ვოლსკი 
  • მამუკა მდინარაძე 
  • ანრი ოხანაშვილი 
  • სოფიო კილაძე
  • რომან კაკულია

გარდა ამისა, ამავე დეპუტატებს გავუგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც, სადაც ეწერა, რომ ტაბულას ფეისბუქის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მათი პოზიციები აინტერესებდა. მესიჯზე მხოლოდ რომან კაკულიამ გვიპასუხა, დღის ბოლოს და მოკლედ:

"გავერკვევი და სიამოვნებით".

დეპუტატს ვკითხეთ, როდის შეიძლება დავურეკოთ, თუმცა ამ შეტყობინებაზე ამ დრომდე არ უპასუხია.

ქართული ოცნების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც ტაბულა დაუკავშირდა, გიორგი კახიანია. მან თქვა, რომ კითხვაზე პასუხს მოგვიანებით გაგვცემდა, თუმცა შემდეგ არც სატელეფონო ზარს და არც მესიჯს არ უპასუხა.

თუმცა, დღის ბოლოს, დიმიტრი ხუნდაძესთან ინტერვიუს შედეგად, ცნობილი გახდა, სავარაუდოდ, რა შინაარსის განცხადებებს გააკეთებენ ქართული ოცნების დეპუტატები ამ თემასთან დაკავშირებით.

ხუნდაძემ ფეისბუქის არაავთენტური ანგარიშების ქართულ ოცნებასთან კავშირი გამორიცხა და თქვა, რომ ამას დასაბუთება სჭირდება და ფეისბუქს უნდა ვკითხოთ, რა მტკიცებულებები აქვს. გარდა ამისა, დეპუტატმა, ტრადიციულად, ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირა - გამომდინარე იქედან, რომ მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები "ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში პროფესიონალები არიან", ხუნდაძეს ეჭვი აქვს, რომ ფეისბუქს სწორედ მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე ჰქონდა რეაგირება.

გარდა ამისა, ქართული ოცნების დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ ფეისბუქმა ყალბი ანგარიშები სხვა ქვეყნებშიც წაშალა, ეს ყველას პრობლემაა და FAKE NEWS-ების და სიძულვილის ენის მიმართულებით "გარკვეულ რეგულაციებზე" ფიქრის ინიციატივით გამოვიდა.

ქართული ოცნების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელმაც სატელეფონო ზარს უპასუხა, ნინო წილოსანია. მან ტაბულასთან თქვა, რომ ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ იმყოფება, ამიტომ ამ თემას სიღრმისეულად არ იცნობს და ვერც კომენტარს მოგვცემს, რადგან "ერთი შეხედვით მიღებულ ინფორმაციაზე" კომენტარის გაკეთება არასერიოზული ჰგონია.

სატელეფონო ზარს უპასუხა ლადო კახაძემაც. მისი თქმით, ფეისბუქის მიერ სახელისუფლებო გვერდების წაშლის შესახებ "არანაირი წარმოდგენა" არ აქვს. დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ფეისბუქის მომხმარებელი თავადაცაა, თუმცა არა აქტიური და ძირითადად თავის "რაღაცებს, მოკრძალებულს" აქვეყნებს. კახაძის თქმით, პოლიტიკურ ჭრილში ფეისბუქის გამოყენება არასდროს უცდია.

ტაბულას კითხვაზე პასუხისთვის მთელი დღის განმავლობაში ვერ მოიცალა დავით მათიკაშვილმა. ჩვენ მას რამდენჯერმე დავუკავშირდით. თავდაპირველად, დეპუტატმა, მას შემდეგ, რაც გაიგო ვინ ურეკავდა, თქვა, რომ არ სცალია და ტელეფონი კითხვის დასმამდე გათიშა. იგივე განმეორდა 45 წუთის შემდეგ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მოკლე ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ, თუმცა დავით მათიკაშვილმა არც სამთავრობო ფეისბუქ გვერდების შესახებ კითხვას უპასუხა და არც ის გვითხრა, როდის ეცლება, რომ ამ კითხვაზე მისგან პასუხი მივიღოთ.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის მიერ ქართული ანგარიშების გაუქმებას დღის ბოლოს ფეისბუქზევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე. როგორც მოსალოდნელი იყო, მანაც იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რაც დიმიტრი ხუნდაძემ - ისაუბრა ყალბი ანგარიშების გაუქმებაზე სხვა ქვეყნებშიც, რეგულაციების შემოღებაზე და იმაზე, რომ "ნაცმოძრაობის არც ერთი ბოტი, ფეიკ-გვერდი თუ ყალბი ანგარიში, რომლებიც პირდაპირ ეწევიან დეზინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებას, facebook-ის მიერ გაუქმებული არ არის".

მამუკა მდინარაძემ ასევე თქვა, რომ ჯგუფთან, რომელშიც საუბარია ფეისბუქის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ქართულ ოცნებას არც ოფიციალურად და არც არაოფიციალურად არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

"ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- წერია განცხადებაში.

დეტალურად იხილეთ სტატიაში: Facebook-მა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები