მსოფლიო

ბრიტანელი მოზარდის მიერ შეძენილ მოსალოც ბარათზე აღმოჩნდა გზავნილი ჩინური ციხიდან

ბრიტანული სუპერმარკეტების ქსელმა, Tesco-მ შეაჩერა თანამშრომლობა ჩინურ კომპანიასთან, რომელშიც საახალწლო ღია ბარათები იბეჭდება. სუპერმარკეტების ქსელში ეჭვობენ, რომ ჩინური კომპანია პროდუქციის წარმოებისას მონურ შრომას იყენებს.

სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოზადრმა გოგონამ, ფლორენს უიდიკომ, Tesco-ში 1,5 ფუნტის ღირებულების მისალოცი ბარათი შეიძინა. მოზარდმა ბარათზე დატანილი წარწერა მოგვიანებით შეამჩნია. 

"ჩვენ ვართ შანხაის ციხის, ცინპუს პატიმრები, ჩვენ არაკანონიერად დაგვაკავეს და გვაიძულებენ მუშაობას, გთხოვთ დაგვეხმარეთ და შეატყობინეთ ჩვენი ამბავი უფლებადამცველ ორგანიზაციებს", — ეწერა მოსალოც ბარათზე. 

Tesco-ში აცხადებენ, რომ შოკირებულები არიან მომხდარით. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათ ჩინური საწარმოს აუდიტი წარსულში გაკეთებული აქვთ და არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენიათ. ამის მიუხედავად, სუპერმარკეტების ქსელმა ჩინურ კომპანიასთან თანამშრომლობა შეაჩერა. 

თავის მხრივ, ჩინური კომპანია აცხადებს, რომ მათ არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ციხესთან და იძულებით შრომასთან. მოზარდის მიერ ნაპოვნ ბარათზე, ასევე დატანილია თხოვნა, რომ ბარათის მპოვნელი დაუკავშირდეს ვინმე პიტერ ჰამფრის. 

პიტერ ჰამფრი ბრიტანელი ჟურნალისტია, რომელიც 2015 წლამდე სასჯელს იგივე ციხეში იხდიდა. Sunday Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰამფრიმ დაადასტურა, რომ მსგავსი ტიპის შრომას ციხის პატიმრებს მართლაც აიძულებენ. 

ჩინეთის საგარეო უწყება ყველა ბრალდებას უარყოფს. ეს არ არის პირველი მსგავსი შემთხვევა. 2012 წელს ორეგონის შტატის მაცხოვრებელმა ჯული კიტმა შეძენილ საახალწლო დეკორაციების ყუთში წერილი აღმოაჩინა. 

წერილში საუბარი იყო იძულებით შრომაზე, პატიმრობაზე და არადამიანურ მოპყრობაზე.

კომენტარები