გიორგი რურუას საქმე

ადვოკატი: რურუას ტანსაცმელზე მეტალის კვალი არ აღმოჩნდა, "ამოღებულ" იარაღზე - ანაბეჭდები

civil.ge

გიორგი რურუას ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მის შარვალსა და მაისურზე მეტალის კვალი არ აღმოჩნდა.

"ანუ გიორგის შარვალს მეტალის ნივთთან შეხება არ ჰქონდა, მაშინ, როდესაც გამოძიების ვერსიით, გიორგის შარვლის საქამრეში “ედო” იარაღი", - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

მისივე თქმით, მეორე დასკვნის თანახმად, იარაღზე, რომლის ტარებასაც გიორგის ედავებიან, მისი ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
 

"ორივე დასკვნა ცალსახად ადასტურებს რომ გიორგის იარაღი ჩაუდეს, რადგან შეუძლებელია ატარებდე იარაღს და მასზე არ დატოვო ანაბეჭდები და შეუძლებელია საქამრეში გედოს იარაღი და შარვალზე და მაისურზე მეტალის კვალი არ ამოვიდეს.

რაც შეეხება დნმ-ს. გიორგის დაკავებისთანავე მისგან იძულებით აიღეს დნმ-ი, ოღონდ ისე რომ არანაირი დოკუმენტი არ შეადგინეს, ანუ ვითომ არ აუღიათ. ეს დამნაშავე პოლიციელებმა გააკეთეს იმიტომ, რომ “ამოღებულ” იარაღზე წაესვათ გიორგის დნმ-ი და ამით დაემტკიცებინათ “დანაშაული”.

ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ ამ ამბის გარკვევას, მათ შორის პოლიციის შენობაში მდებარე კამერების ჩანაწერებს, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება ამას არ მოყოლია. რის გამოც, როდესაც პოლიციელებმა უკვე განჩინებით მოითხოვეს დნმ-ის ნიმუში, ვუთხარით უარი, რადგან მისი შედარება უნდა გაეკეთებინათ უკანონოდ პირველივე დღეს აღებულ და ჩადებულ იარაღზე დატანილ დნმ-თან.

ანუ, მტკიცებულებების გაყალბებას ახდენდნენ და ბუნებრივია, ჩვენ ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღეთ", - ამბობს საძაგლიშვილი.


ფოტო: დიტო საძაგლიშვილი
მისივე თქმით, პოლიციელებმა გადაწყვიტეს, დნმ-ის იარაღზე არსებული ნიმუშები რურუას გარდაცვლილი ძმის, ნიკა რურუას დნმ-ის ნიმუშებს შეადარონ.

"რადგან მთელი საქმე თავზე ჩამოენგრათ, დამნაშავე პოლიციელებმა და მათმა ზემდგომებმა გადაწყვიტეს უბინძურესი მეთოდი გამოეყენებინათ და იარაღზე უკანონოს წასმული დნმ-ის ნიმუში უნდა შეადარონ ერთი წლის წინ გარდაცვლილი ნიკა რურუას დნმ-ს (ნიკას დაღუპვისას, გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, აიღეს მისი სისხლის ნიმუში და სწორედ ამ ნიმუშს იყენებენ ეხლა). ანუ, გარდაცვლილი ნიკას სისიხლის გამოყენებით ცდილობენ გიორგისთვის იარაღის ჩადების გაპრავებას. ამაზე ბინძური და ამორალური საქციელი ალბათ არ არსებობს.

რაც არ უნდა მოხდეს, უკვე არსებულ, ჩვენ სასარგებლო ექსპერტიზის ორი დასკვნას ვერსად გაექცევიან და ვერ დაამტკიცებენ (დამტკიცებაში მონა მოსამართლეების გადაწყვეტილებებს არ ვგულისხმობ) იმას რაც არ მომხდარა - გიორგის მიერ იარაღის ტარებას. შესაბამისად, გიორგი რურუა უდავოდ პოლიტპატიმარია! ის ისჯება მთავარი არხის მეწილეობისთვის და ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისთვის", - ამბობს ადვოკატი.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს, აქციის სპეცრაზმით დაშლამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავეს.

გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. 25 დეკემბერს კი მას ბრალი დაუმძიმდა და საქმეს ახალი მუხლი დაემატა - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა.

გიორგი რურუა, მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად, დაკავშირებული იყო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან და მოძრაობას "სირცხვილია" ფინანსურ დახმარებასაც უწევდა.

მეგობრები და ოჯახის წევრები მის დაკავებას სწორედ ამ აქციებსა და ტელეკომპანია მთავარის მეწილეობას უკავშირებენ.

კომენტარები