ახალი წელი 2020

ნორმალური ხედვის მოლოდინში

მალხაზ სონღულაშვილი
0 კომენტარი

2019 წლის ნოემბრის თვეში კინოს მოყვარულებმა ახალ ზელანდიელი რეჟისორის ენტონი მაკარტენის კიდევ ერთი ფილმი იხილეს. მანამდე მან ერთი-მეორის მიყოლებით შეძლო რამდენიმე შესანიშნავი ფილმის შექმნა. ესენია: "ბოჰემიური რაფსოდია", "ყველაზე ბნელი ჟამი", "ყველაფრის თეორია".

ახალი ფილმის სათაურია "ორი პაპი" და წარმოადგენს ბიოგრაფიულ დრამას, რომლის გმირებიც არიან პაპი ბენედიქტე XVI და კარდინალი ხოსე მარიო ბერგოლიო (ახლანდელი პაპი). მთავარ გმირებს უელსური წარმოშობის შესანიშნავი მსახიობები თამაშობენ. პაპის როლს - ენტონი ჰოპკინსი და კარდინალისას ჯონათან პრაისი.

პაპსა და კარდინალს შორის გამართულ მოკლე-მოკლე საუბრებში თავმოყრილია თანამედროვე თეოლოგიისა და რელიგიური ეთიკის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ეს საკითხები თავიანთი მნიშვნელობით გლობალურია. ისინი თეოლოგიითა და რელიგიის ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ ადამიანს აუღელვებელს არ დატოვებს.

პაპი გულწრფელად აცხადებს, რომ ყველაფერი, რასაც კარდინალი ფიქრობს და აკეთებს მისთვის სრულებით მიუღებელია. კარდინალი თავაზიანად, მაგრამ შეუპოვრად ეკამათება პაპს უამრავ საკითხში. ეს საკითხები შეეხება სხვადასხვა სახის სკანდალებს ეკლესიაში, სოციალური სამართლიანობისადმი დამოკიდებულებას, რელიგიურ პრაქტიკას.

მთელი დღის კამათის შემდეგ პაპი სთავაზობს კარდინალს:

"ვიცი, რომ ჩვენ განსხვავებულ აზრებზე ვდგავართ,

არ ვეთანხმებით ერთმანეთს,

მაგრამ მოდი ეს საღამო უბრალოდ ერთად გავატაროთ

როგორც ძმებმა, შესაძლებელია?"

იმ საღამოს, როცა ისინი ერთად არიან პაპის ქალაქგარე რეზიდენციაში და ღვინოს წრუპავენ, მუსიკას უსმენენ და მასზე ლაპარაკობენ, იჭედება ამ ორი ადამიანის ღრმა ინტერპერსონალური მეგობრობა, რომელიც გავლენას ახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პაპი და კარდინალი ღებულობენ. ეს კი გავლენას ახდეს მათს ცხოვრებაზე და არა მარტო მათს ცხოვრებაზე. ორივენი თავიანთ აზრებზე რჩებიან, ოღოდ უკეთ ესმით ერთმანეთისა.

განსხვავებულობის მიმართ პატივისემისა და მოწიწების მაგალითი შეიძლება საღვთო წერილებშიც დაინახოს ადამიანმა. ქრისტიანული საღვთო წერილის მიხედვით, ამის მაგალითს წარმოადგენს იოანე ნათლისმცემლისა და იესო ნაზარეველის ამბავი. თუ რელიგიურობის განმსაზღვრელ თანამედროვე ტერმინებს მოვიშველიებთ, იოანე ნათლიმცემელი რელიგიური ფუნდამენტალისტია. ხოლო იესო ნაზარეველი - რადიკალი ლიბერალი. იოანე სასტიკია, რჯულის პერსპექტივიდან უყურებს ყველას და ყველაფერს. ის აქტიურად ერევა პოლიტიკურ პროცესებში და ბოლოს თვითონ ხდება ამ აქტივობის მსხვერპლი. იესო ნაზარეველი სხვა პერსპექტივიდან უყურებს ყველაფერს, მისთვის მთავარია ადამიანის გული. მას არ ერიდება იმეგობროს სოციალურად მარგინალიზებულ ადამიანებთან: მებაჟეებთან, სექს-მუშაკებთან, ლოთებთან და ცოდვილებთან (მათე 11:19).

მიუხედავად ღრმა რელიგიური განსხვავებებისა, რომელიც მათ შორის არსებობს, მათ შეუძლიათ პატივი სცენ ერთმანეთს და მოწიწებული დამოკიდებულება იქონიონ ერთმანეთის მიმართ. ორივე თავის პოზიციაზე რჩება, არც ერთი იცვლის თავის აზრს, მაგრამ მათ შორის მეგობრობა და თანამშრომლობა შესაძლებელია.

რადიკალურად განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება აუცილებელი არ არის რომ საფუძველი იყოს მტრობისა. ამას კარგად ხედავს ვაჟა ფშაველას ალუდა ქეთელაური. კაცი რომელიც განსხვავებული ფიქრისა და საქციელის გამო საკუთარმა თემმა ამოიძულა. ის იძულებულია, რომ დატოვოს თავისი კერა-სამშობლო და უცხოობაში გადაიხვეწოს თავისი ცოლ-შვილით. ალუდას პერსონალურ ტრადეგიას დრამატულობას ჰმატებს ყიამყრალი სტიქიონების ჭიდილი:

"თოვლი სთოვს,

ქარი ბობოქრობს,

ყელებ შაკრულა მთებისა;

ჩამოდის ხევად ზოვები,

ჩამონასხლეტნი კლდებისა.

გაუბამ ყინულს ლურჯადა

უბე-კალთები წყლებისა,

მიუნაქრია ერთიან

ვიწრო სავალი გზებისა.

ვის მასწყენია სიცოცხლე,

გზას ის ვინ გაუდგებისა?"

ერთი სიტყვით, ამინდი ისეთია, გარეთ არ გაისვლება. არადა ამ ამინდში მიიკვლევენ ალუდა და მისი ოჯახი გზას მათთვის უცნობ მომავალში. გამწარებულ მგზავრებში ერთ-ერთს დასცდება მათი გამამწარებელი ხალხის წყევლა: "კარგს ნურას ჰნახავთ, ხევსურნო," რაც, ალბათ, სრულებით ბუნებრივი რიეაქციაა უსამართლოდ დასჯილებისაგან. მაგრამ ალუდას ამის გაგონებაც არ უნდა. თუმცა სხვებზე ნაკლებად არ ეძნელება მშობლიური მხარის დატოვება.

"ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,

ნუ გადიქცევით ცეტადა!" იძახის გაჯავრებული ქეთელაური და თოვლში მიიკვლევს გზას. მისთვის მიუღებელია დაყოს ეს სამყარო კარგებად და ცუდებად, შავებად და თეთრებად, მტრებად და მოყვარეებად, რადგან ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით. ყველას თავისი სიმართლე აქვს. ამიტომ ამბობდა იესო ნაზარეველი, მტერი შეიყვარეო...

სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ პოლარიზაციის, სიძულვილისა და შიშ-ფობიების მორევშია ჩათრეული. ეს ხდება ყველგან და საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა პატარაა ამ ყველაფრის შედეგებს უფრო აშკარად ვხედავთ.

სამწუხაროდ 2019 წელში ბევრი ისეთი რამ გადახდა თავს ჩვენს ქვეყანას, რასაც ბევრნი აღარ ველოდით, რომ ვნახავდით და მოვისმენდით.

2020 და 20/20-ზე

ენტონი მაკარტენის ზემოთხსენებულ ფილმში უკვე მოფამფალებული პაპი ბენედიქტე შესჩივის კარდინალ ბერგოლიოს:

"იცი,

ყველაზე ძნელი ამბავი არის სმენა...

მისი ხმის გაგონება,

ღმერთის ხმის გაგონება." - ამბობს პაპი

"რას ამბობთ, პაპისთვისაც ძნელია?" თუთქოს თავაზიანობის გამო კითხულობს კარდინალი.

"მემგონი განსაკუთრებით პაპისათვის არის ძნელი" - ამბობს პაპი და რომ ვერ გაიგებ ხუმრობით თუ ნახევარხუმრობით დასძენს: "მემგონი, შეიძლება, სულიერი მოსასმენი აპარატი მჭირდება..."

არა მგონია მხოლოდ პაპისა ჰქონდეს სმენისა და ხედვის პრობლემა. ჩვენ აღარ გვესმის არათუ ღმერთის არამედ საკუთარი თავისაც, საკუთარი ახლობლებისა, საკუთარი კულტურისა. ის ვისაც ჩვენ ყურს ვუგდებთ კარგად და ასევე კარგად გვესმის მისი ხმა ეს არის ჩვენი ეგო, რომელიც ისეა გაზრდილი კანში ვეღარ ეტევა. არადა სხვისა საკეთილდღეოდ მხვერპლის გაღების გარეშე ამ ცივილიზაციას მომავალი არა აქვს. ეს არის ის რასაც გვასწავლიან რელიგიები და დიდი ფილოსოფოსები. "აჰიმსა" არის ძველთუძველესი რელიგიურ-ფილოსოფიური კონცეპტი ინდურსა და ბუდისტურ ტრადიციაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სხვას არ უნდა ავნო. ამავეს გვასწავლიან დიდი მოძღვრები სხვადასხვა რელიგიებიდან და კულტურებიდან, მაგრამ როგორც სჩანს არა ვართ ჩვენ ხეირიანი შეგირდები. არ გვესმის ხეირიანი მოძღვრების ხმა და რაც ყველაზე სავალალოა არ გვესმის ღმერთის ხმა.

გარდა სულიერი ყურთასმენისა ჩვენ ასევე გვესაჭიროება კარგი სულიერი ხედვა, რომლის გარეშეც არასდროს გვეცოდინება სადა ვართ ან სად უნდა ვიყოთ. ხედვაში მართლა მოვიკოჭლებთ ყველანი - ერი და ბერი. ამაზე მეტყველებს სულიერი და რელიგიური კრიზისი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ღრმავდება.

1862 წელს ჰოლანდიელმა ოფთალმოლოგმა, ჰერმან სნელენმა შექმნა ცხრილი, რომელსაც დღემდე იყენებენ თვალის ექიმები ჩვენი მხედველობის ხარისხის დასადგენად. ყველა ვყოფილვართ თვალის ექიმთან, სადაც გვეუბნებიან რომ ცალ თვალზე ხელი ავიფაროთ და მეორეთი თვალი გავაყოლოთ ცხრილში იმ ასოებს, რომელზეც ექიმი მიგვანიშნებს.

ამ ცხრილის მიხედვით ყველზე ნორმალური მხედველობა არის 20/20-ზე. ანუ როცა ოცი წყრთის დაშორებით კარგად ხედავ ცხრილში გამოყვანილი ასოების რიგს. ჰოდა, ჩემთვის ვიძახი, რა იქნება, რომ 2020 წლში ჩვენი საზოგადოებრივი, კულტურული და რელიგიური ხედვა 20/20-ს დაუახლოვდეს, ანუ ნორმალური გახდეს. ეს კი იმას გულისხმობს, რომ დამთავრდეს პოლარიზაცია, სიძულვილის ენის გამოყენება, ფობიები, შიშები, მტრობა და ტომობრივი ბრძოლები. არადა, როგორ მოუხდებოდა ნორმალური ხედვა ჩვენს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს.

არავინ არავის თვალს არ დასთხრიდა.

არავინ არავის თვითმკვლელობამდე აღარ მიიყვანდა.

არავინ არავის დაამცირებდა რელიგიური ნიშნით.

არავინ არავის გარიყავდა ეთნიკური თუ რასობრივი წარმომავლობის გამო.

არავინ არავის შეურაცხყოფდა სექსუალური ორიენტაციის გამო.

არავინ არავის არ დაჩაგრავდა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად.

არავინ არავის ლუკმას არ გამოაცლიდა პირიდან.

არავინ არავის ბედს არ დაიკიდებდა ფეხზე.

არავინ არავის უბედურებაზე არ მოინდონმებდა საკუთარი ბედნიერების შენებას.

სამწუხაროდ, არ არსებობს აპარატი თუ მოწყობილობა, რომელიც ჩვენს სულიერ სმენას, ანდა, ჩვენი სულიერი მხედველობის ხარისხსს გააუმჯობესდება. სამაგიეროდ, ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა სულიერი ხედვისა და სმენის გაუმჯობესებისა, თუ ადამიანი მზად არის ამისთვის. სწორედ ამაშია რელიგიის ძალა, რომელსაც შეუძლია გარდასახოს ადამიანი უკეთესობისკენ. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს იმისი მაგალითებიც, როცა რელიგია უარესობისკენ გარდასახავს ადამიანს: აძულებს განსხვავებულ ადამიანს, განსხვავებულ აზრს, განსხვავებულ დამოკიდებულებას ყველაფერში. თუმცა, სინამდვილეში ეს ნამდვილი რელიგია არ არის: ეს ფანატიზმია.

მე მინდა ვუსურვო ჩემს სამშობლოს და მთელ მსოფლიოს ნორმალური ხედვა, ანუ ხედვა 20/20-ზე 2020 წელში.

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი პიტროპოლიტი

მშვიდობის კათედრალი

2019.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები