პროსახელისუფლებო გვერდების წაშლა

DFRLab-ის ხელმძღვანელი: დიდი ალბათობით, მანიპულაციური FACEBOOK გვერდები კიდევ დაიხურება

CNN.COM

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ხელმძღვანელი გრაამ ბრუკი Facebook-ის მიერ საქართველოში 418 ანგარიშის გაუქმებას ეხმაურება, რომლებიც სოციალური ქსელების გიგანტის განცხადებით, ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში" და დაკავშირებულები არიან ქართული ოცნების ხელისუფლებასთან. 

წაშლილი ანგარიშების დიდ ნაწილს (261 ანგარიში) DFRLab-ც ამოწმებდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ კვლევაში მითითებულია, რომ ყველა ეს გვერდი იყო ცალსახად პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური, ლაბორატორიამ ვერ შეძლო დაედგინა პირდაპირი კავშირი ამ გვერდებსა და ქართულ ოცნებას შორის. 

როგორც ბრუკი Twitter-ზე წერს, მას შემდეგ, მათ ხშირად ეკითხებოდნენ, რატომ განსხვავდებოდა Facebook-ისა და DFRLab-ის განცხადებები ერთმანეთისგან.

"ამ გვერდების შინაარსმა და ქცევამ DFRLab დაარწმუნა, რომ ეს გვერდები კოორდინირებულად მუშაობდნენ, აძლიერებდნენ ერთმანეთს და, დიდი ალბათობით, ერთისა და იმავე პიროვნებების მიერ იმართებოდნენ. ამ გვერდების შინაარსი ექსკლუზიურად პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური იყო. 

DFRLab ღია წყაროებზე დაყრდნობით იკვლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ისეთ მასალებს ვიყენებთ გამოძიების დროს, რაზე წვდომაც ჩვენს აუდიტორიასაც აქვს. არ არის გასაკვირი, რომ Facebook-ის გუნდს შეუძლია საკუთარ პლატფორმას უფრო სიღრმისეულად დააკვირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, Facebook-ის შეფასება ეჭვქვეშ დავაყენოთ,"- წერს ბრუკი Twitter-ზე. 

ბრუკის განცხადებით, ონლაინ სივრცეში დეზინფორმაციის გამოვლენაში განგრძობადი პროცესია და 2020 წელს ისინი დაკვირვებას გააგრძლებენ. 

"ეს საქართველოში მანიპულაციური ანგარიშების დახურვის პირველი შემთხვევა იყო, თუმცა დიდი ალბათობით, ბოლო არ იქნება,"- წერია განცხადებაში. 

Facebook-ის განცხადება და DFRLab-ის კვლევის მთავარი მიგნებების შესახებ შეგიძლიათ ვრცლად წაიკითხოთ აქ.

კომენტარები