ახლო აღმოსავლეთი

აშშ-ის სარაკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლეს

ერაყის დედაქალაქში, აშშ-ის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს, ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა. სოლეიმანი, ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფ "ყუდს" მეთაურობდა. 

ყასემ სოლეიმანი ირანში და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სამხედრო პირად ითვლებოდა.  პენტაგონში ადასტურებენ, რომ შეტევა დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. სარაკეტო შეტევის დროს ყასემ სოლეიმანის ავტოკოლონა ბაღდადის აეროპორტში იმყოფებოდა. 

Washington Post-ის ინფორმაციით, თავდასხმა უპილოტო აპარატების მეშვეობით განხორციელდა. სოლეიმანის სიკვდილი დაადასტურა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმაც.

"მოწამეობრივი სიკვდილი მისი საქმინობის საბოლოო ჯილდოა. მიუხედავად იმისა, რომ ის გარდაიცვალა ალაჰის ნებით, მისი საქმე არ შეწყდება. საშინელი შურისძიება ელოდებათ დამნაშავეებს, რომელთაც ხელები სოლეიმანის სისხლში გაისვარეს", — ამგვარად გამოეხმაურა ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი ალი ხამინეი სოლეიმანის გარდაცვალებას ტვიტერზე. 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა მომხდარს სულელური ესკალაცია უწოდა. ზარიფმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ირანში უსაფრთხოების სახელმწიფო საბჭო შეიკრიბება, რომელზეც განიხილავენ შესაძლო პასუხს. 

სოლეიმანის გარდაცვალების დადასტურებიდან რამდენიმე წუთში დონალდ ტრამპმა ტვიტერზე აშშ-ის დროშა გამოაქვეყნა, რომელსაც არანაირი ტექსტი არ ახლდა. 

ყასემ სოლეიმანი, ალი ხამინეის შემდეგ, ირანში ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ქვედანაყოფი ყუდსი უშუალოდ ალი ხამინეის ემორჩილება. ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ, ნავთობის ფასი 4%-ით გაიზარდა.  

რა მოხდა?

"პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების დასაცავად, შეიარაღებულმა ძალებმა თავდაცვითი ხასიათის ზომები მიიღეს. ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოკლულია ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ყუდსის ქვედანაყოფის მეთაური ყასემ სოლეიმანი. ქვედანაყოფი აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შედის", — ნათქვამია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის მიზანი ირანიდან ორგანიზებული თავდასხმების შეჩერება იყო. რამდენიმე დღის წინ ერაყში დემონსტრანტებმა აშშ-ის საელჩოს შტურმით აღება ცადეს. თავდასხმის ორგანიზატორად სწორედ ყასემ სოლეიმანი მიიჩნეოდა. 

ამერიკელი სამხედროების ცნობით, ყასემ სოლეიმანი ასეულობით ამერიკელი სამხედროს მკვლელობაზე და დაჭრაზეა პასუხისმგებელი. ისლამური რევოლუციის მცვლეთა კორპუსში დაადასტურეს შიიტური გასამხაედროებული დაჯგუფების "ქათაიბ ჰეზბოლას" ლიდერის, აბუ მაჰდი მუჰანდიზის სიკვდილიც.

"ქათაიბ ჰეზბოლა" 2007 წელს ირანის დახმარებით შეიქმნა. აშშ-ის ცნობით ორგანიზაციის მთავარი სპონსორი სწორედ, ირანი იყო, ასევე, ირანიდან იღებდა შეიარაღებასაც. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ახლო აღმოსავლეთში ანტი-ამერიკული ტერორისტული ორგანიზაციების მთავარი პარტნიორია.

ვინ იყო ყასემ სოლეიმანი?

ყასემ სოლეიმანის შესახებ პირველი ცნობები 1980-იან წლებში მიმდინარე ირან-ერაყის ომის დროს გავრცელდა. ხანგძლივ სამხედრო დაპირსპირებაში ყასემ სოლეიმანი რამდენიმე მნიშვნელოვან ოპერაციას მეთაურობდა. 1998 წლიდან სოლეიმანი ყუდსის ქვედანაყოფს ხელმძღვანელობდა. 

სწორედ ეს ქვედანაყოფია პასუხისმგებელი რეგიონში ირანის მიერ ჩატარებულ ყველა საიდუმლო ოპერაციაზე. ბოლო წლებში ირანში აღიარეს, რომ ყუდსის ქვედანაყოფი სირიაში და ერაყში მიმდინარე კონფლიქტებში აქტიურად მონაწილეობდა. სირიაში ქვედანაყოფი ბაშარ ასადის მხარეს იბრძოდა და ათასობით შიიტ მებრძოლს აიარაღებდა. 

სოლეიმანის დახმარებით, ერაყში მისი ქვედანაყოფი შიიტურ გასამხედროებულ ორგანიზაციებს ეხმარებოდა, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამ კონფლიქტების წყალობით, ოდესღაც ჩრდილში მყოფი ქასემ სოლეიმანი ლამის საკულტო ფიგურად იქცა. 

ყასემ სოლეიმანის გარდაცვალების შემდეგ ირანში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. წინა წლის აპრილში, მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებით, ისლამური რევოლუციის მცველთა კორსპუსი აშშ-იმ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

კომენტარები