რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობები

რუსეთმა ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება შეწყვიტა

ალექსანდრე ლუკაშენკო
Reuters

ბელარუსის ნავთობგადამამუშავებული საწარმოების ცნობით, რუსეთიდან ნავთობის მიწოდება 1 იანვრის შემდეგ შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელარუსის ბიურო ავრცელებს. 

მოსკოვსა და მინსკის შორის ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებით საკვანძო საკითხებზე შეთანხმება 2019 წელსაც ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ბელარუსული საწარმოები ამ დრომდე წინა წლიდან შემორჩენილ მარაგებზე მუშაობენ. ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელმა რუსულ გამოცემა ინტერფაქსთან საუბარში დაადასტურა, რომ რუსეთიდან მიწოდება შეწყვეტილია და საწარმოების დატვირთვა ტექნოლოგიურ მინიმუმამდე არის დასული. 

ბელარუსში მდებარე რუსული ნავთობსადენის ოპერატორის ტრანსნეფტის ინფორმაციით, ბელარუსისგან ნავთობის ახალ პარტიაზე მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ. 

2019 წელს რუსეთსა და ბელარუს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მთელი წლის განმავლობაში ნავთობის ტრანზიტის და საფასურის ღირებულება ძველი ფასით მიმდინარეობდა. უშედეგოდ დასრულდა 2019 წლის ბოლოს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარიც. 

საუბრის შემდეგ, ლუკაშენკომ ბრძანება გასცა ნავთობ პროდუქტების მარაგების ალტერნატიული გზების ძიების შესახებ. ნავთობისა და ტრანზიტის ღირებულება უკვე მრავალი წელია რუსეთსა და ბელარუსს შორის უთანხმოების საკითხია. რუსეთი საკითხს პოლიტიკური ვაჭრობის ბერკეტად იყენებს და ცდილობს შეღავათები მინსკის მხრიდან საინტეგრაციო ხელშეკრულების შესრულებას დაუკავშიროს. 

სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმება ბელარუსსა და რუსეთს შორის 1999 წელს შედგა.

კომენტარები