გარემოვაჭრეების ფლი მარკეტი

მერიის წარმომადგენელმა გარემოვაჭრეებს უთხრა, რომ დედა ენის ბაღში ვაჭრობის უფლება არ აქვთ

სირცხვილია

მერიის უსაფრთხოების წარმომადგენელი დედა ენის ბაღში მივიდა, სადაც გარემოვაჭრეები და სამოქალაქო აქტივისტები ფლი მარკეტს მართავენ და მათ უთხრა, რომ იქ ვაჭრობის უფლება არ აქვთ. 

ამის მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან "სარეაბილიტაციო სამუშაოები" დაასახელა. 

"დედაენის ბაღში უნდა შემოიტანონ ეს 'პადონები', დაალაგონ აქ და გაშალონ დედაენის ძეგლთან... გარევაჭრობა შეიძლება? აქვთ ამის უფლება? მიმდინარეობს დედაენის პარკის რეაბილიტაცია და არ შეიძლება," - თქვა მერიის თანამშრომელმა. 

ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა, მერიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა სთხოვა, რის შემდეგაც მერიის თანამშრომელი ტერიტორიას გაეცალა. 

2 იანვარს თბილისის მერიამ გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედანზე, იქ, სადაც ქალაქის ცენტრალური ნაძვის ხე დგას, ვაჭრობის უფლება არ მისცა, რადგან ისინი პარლამენტთან გადასულიყვნენ, სადაც 30 დეკემბერს თბილისის მერიამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სხვების კარვები აიღო და მათ ნაცვლად იქ საახალწლო სცენის მოწყობას შეეცადა. 

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ არ შეუძლიათ იქ ივაჭრონ, სადაც შვილმკვდარი მამა სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის. 

დედა ენის ბაღში ფლი მარკეტი 12:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ აქტივისტების დახმარების იმედი აქვთ. 

"დაგვეხმარებიან იმიტომ, რომ ჩვენ მთავრობა არ გვეხმარება. მთავრობა დადის და ქეიფობს და ჩვენ რომ ქუჩაში ვმდგარიყავით და 2 კაპიკი გაგვეკეთებინა, ისიც ჩაგვაშხამეს ბედობის დღეს,"- ამბობს ერთერთი გარემოვაჭრე. 

კომენტარები