კენიაში, სომალის საზღვართან ახლოს, მანდა ბეის სამხედრო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის და კენიის შეიარაღებული ძალები იყენებენ ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბააბის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი დაიღუპა, მათგან ერთი სამხედრო, ხოლო ორი კონტრაქტორი. დაშავდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კიდევ ორი თანამშრომელი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ინფორმაციას თავდასხმის შესახებ აშშ-ის შეიარაღებულ ძალებშიც ადასტურებენ. ტერორისტულმა დაგჯუფებამ თავდასხმის ადგილიდან ფოტოები გაავრცელა, რომელშიც ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი და ტერორისტული დაჯგუფების დროშა ჩანს.
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა რამდენიმე საათს გრძელდებოდა და განადგურდა ორი თვითმფრინავი, ორი ამერიკული ვერტმფრენი და რამდენიმე სამხედრო მანქანა. თავად ალ-შაბააბის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ 7 თვითმფრინავი გაანადგურეს, თუმცა დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
კენიის სამხედრო ძალების ინფორმაციით მათ 5 თავდამსხმელის მოკვლა მოახერხეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ემსხვერპლნენ თუ არა თავდასხმას კენიელი სამხედროები.
თავდასხმის დროს ბაზაზე 150-ზე ნაკლები ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა. ისინი ანტი-ტერორისტულ წვრთნებს ატარებდნენ.
ალ-შაბააბმა კენიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 5 იანვარსაც სცადა, თუმცა ტერორისტები კენიის სამხედრო ძალებმა მოიგერიეს.
ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება ალ-შაბააბი ათწლეულზე მეტია სომალიში მთავრობის დამხობის და ისლამური კანონების დამკვიდრებისათვის იბრძვის. კენიამ სომალიში სამხედრო ძალები პირველად 2011 წელს გაგზავნა, მას შემდეგ, რაც საზღვარზე თავდასხმები და გატაცებები გახშირდა. ახლა 21,000-მდე კენიელი სამხედრო აფრიკის კავშირის მშვიდობისმყოფელთა რიგებში იმყოფება სომალის ტერიტორიაზე.
სომალში მთავობის დასახმარებლად ალ შაბაბის პოზიციებზე საჰაერო დარტყმების განხორციელების უფლება სამხედრო ძალებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის მარტში მისცა. მანამდე დარტყმები მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც ადგილზე მყოფ ამერიკელ მრჩევლებს ექმნებოდათ საფრთხე. ამჟამად აშშ-ს სომალში 500-მდე სამხედრო ჰყავს, რომლებიც მრჩევლების როლს ასრულებენ.
2019 წლესტერორისტულ დაჯგუფებაზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად 200-მდე წევრი მოკლეს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ტერორისტულ დაჯგუფებას ამჟამად 3,000-დან 7,000-მდე წევრი ჰყავს.