პოლიციის ძალადობა

ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი მოკლეს, ოჯახი მის წამებაში ორ სპეცრაზმელს ადანაშაულებს

ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი ნაწამები იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავი - გატეხილი. ის თავდამსხმელებმა ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში მიატოვეს. ოჯახი ბიჭს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს. 

ოჯახი მურად წურწუმიას წამებით სიკვდილში სპეცრაზმელებს ადანაშაულებს. მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. ის მთავარ არხს უყვება, რომ მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი. 

ოჯახის ინფორმაციით, მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმიამ - ვერა.  მთავარი არხის ცნობით, მუხრან წურწუმიას ეგონა, რომ მისი ძმაც გაექცა თავდამსხმელებს. როცა სახლში მისულ მუხრანს მურადი შინ არ დახვდა, ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა. ამის შემდეგ დაიწყეს მურად წურწუმიას ძებნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება რამდენიმე მუხლით აქვს დაწყებული. ბიჭის გარდაცვალებამდე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ პუნქტით და 143-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს შესაბამისად ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების შემდეგ, გამოძიებას კიდევ ერთი, 117-ე მუხლის მეორე ნაწილი დაემატა - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-მ ერთი პირი დააკავა და საქმე პროკურატურას გადასცა. უწყებაში არ ამბობენ, დაკავებული სპეცრაზმელია თუ არა, თუმცა, რაკი მომხდარს პროკურატურა იძიებს, სავარაუდოდ, ბრალდებული შსს-ს თანამშრომელია.

ტაბულა პროკურატურის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები