თიბისი ბანკის საქმე

ხაზარაძე: ყოველ მე-2 დღესაა ჩვენი პროცესები ჩანიშნული, რომ ხელი შეგვიშალონ პარტიულ აქტივობაში

"ლელოს" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით, სასამართლოში მისი და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თითქმის ყოველ მეორე დღეს არის ჩანიშნული სასამართლო პროცესები და ეს კეთდება იმისთვის, რომ მათ პარტიულ საქმიანობაში და აქტივობაში ხელი შეეშალოთ. ამიტომ, როგორც ხაზარაძე ამბობს, მათ გადაწყვიტეს სასამართლოში მისვლის დრო გამოიყენონ პარტიული საქმიანობისთვის და ყოველი პროცესის წინ გააცნონ მოსახლეობას მათი გეგმები და სიახლეები.

მამაუკა ხაზარაძის თქმით, "პრაქტიკურად, სასამართლოს წინ იქნება ჩვენი ახალი ოფისი."

"თქვენ თუ ნახავთ გრაფიკს, რა გრაფიკით არის დანიშნული ბოლო ორ თვეში ჩვენი მოსვლა სასამართლოში, რომელიც 11 საათზე იწყება და მთელი დღე იქნება გაწელილი, პრაქტიკულად, კვირაში დარჩენილი გვაქვს ორი დღე, რომ ვიღაცას შევხვდეთ და რაღაც დავგეგმოთ, მაგრამ მაინც შევხვდებით და გამოვიყენებთ ამ მდგომარეობას. სასამართლოზე შესვლის წინ ყოველთვის ახალ თემებზე ვისაუბრებთ. პრაქტიკურად, სასამართლოს წინ იქნება ჩვენი ახალი ოფისი”, - ამბობს ხაზარაძე.

ხაზარაძემ დრეს ასევე განმარტა, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე კომენტარებს აღარ გააკეთებენ, რადგან ეს პროცესები არის შოუ. 

“მე და ბადრი არ ვაპირებთ აქ მოსვლის დროს ჩვენს სასამართლო პროცესზე რაიმე კომენტარის გაკეთებას, რადგან ეს არის შოუ, ეს უკვე ნათელია, ეს არის პოლიტიკური დევნა და თუ რამე კითხვა ექნებათ ჩვენს საყვარელ ჟურნალისტებს, მიმართეთ ჩვენს ადვოკატებს. ჩვენ ამ თემაზე არ გავაკეთებთ კომენტარებს იქედან გამომდინარე, რომ არ შევალთ იმ თამაშში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შემოგვთავაზა, სხდომებს დავესწრებით,” - ამბობს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

კომენტარები