უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

ODIHR: მოსამართლეების შერჩევის პროცესი არ იყო დაცული მიკერძოებული პოლიტიკისაგან

0 კომენტარი

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) განცხადებით, სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც საქართველოსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს არეგულირებენ, ვერ უზრუნველყოფენ მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც თავისუფალი იქნება მიკერძოებული პოლიტიკის გავლენისგან.

ამის შესახებ საუბარია ODIHR-ის დღეს გამოქვეყნებულ მონიტორინგის მეორე ანგარიშში.

"იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატურების წარდგენის პროცესის და დანიშვნის პროცესის შესახებ პირველ ანგარიშის დასრულების შემდეგ, ODIHR-ის მონიტორინგის ჯგუფი აკვირდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ნომინირებული 20 კანდიდატის გასაუბრებას, კომიტეტის ხმის მიცემისა და საბოლოო პლენარული კენჭისყრის პროცესს. მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ასპექტისა, მათი საბოლოო შეფასებით, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც პარლამენტს არ მიუღიათ შესაბამისი ზომები შერჩევის პროცესის დროს ობიექტურობის, სამართლიანობის ან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) მიუთითებს მოსამართლეების დანიშვნაზე იმ დროს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი იყო. ანგარიშის მიხედვით, ეს ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით.

"მოსამართლეების დანიშვნის საბოლოო პლენარული კენჭისყრის პროცესი გაიმართა პოლიტიკური კრიზისის დროს, ოპოზიციის ბოიკოტისა და გადავადების ფართოდ გავრცელებული მოთხოვნის ფონზე. პროცესის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება, მიმდინარე პოლიტიკური გარემოს მიუხედავად ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების გულწრფელობას, გაცხადებულ მიზანთან დაკავშირებით, რომ პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე, რომელიც მოიპოვებდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და გააძლიერებდა საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემისადმი", - აღნიშნულია ანგარიშში.

ODIHR-ი დადებითად აფასებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან ღია გასაუბრებებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს პროცესის საჯარო შესწავლის საშუალებას იძლეოდა. თუმცა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ამბობს, რომ პროცესი არ იყო დაცული მიუკერძოებელი პოლიტიკისგან და ეს ეწინააღმდეგება კარგ საერთაშორისო პრაქტიკას.

"ის ფაქტი, რომ პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეების დანიშვნის პროცესში და რომ პროცესი არ იყო დაცული მიკერძოებული პოლიტიკისაგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას. დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს მდგომი პარლამენტის წევრები იყენებდნენ გასაუბრებებს, როგორც პოლიტიკურ პლატფორმას და ინტერვიუებით ვერ მოხდა ბევრი კანდიდატის შესაბამისობის შესახებ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული შეშფოთების ჩაწყნარება", - აღნიშნულია ანგარიშში.

ODIHR-ის დირექტორი, ინგიბორგ სოლრუნ გისლადოტირი ამბობს, რომ მათი მიზანია ხელი შეუწყონ მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებას.

"ჩვენ განვსაზღვრეთ რიგი ხარვეზებისა, რომლებზეც ვიმედოვნებ გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს ხელისუფლებასთან ახლო მომავალში. ჩვენი რეკომენდაციებით მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ მოსამართლეების დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას და გარდა ამისა, ნებისმიერ გადაწყვეტილებას სისტემასთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულ უნდა იქნას კოლეგიალურ გარემოსა და დიალოგის რეჟიმში", - ამბობს ის.

ODIHR-ის ინფორმაციით, მათ საქართველოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დამოუკიდებელი შეფასება ომბუდსმენის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყეს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ხაზს უსვამს, რომ ყველა დამკვირვებელი იყო მიუკერძოებელი და ისინი არ იყვნენ ჩართულები თავად პროცესში.

ODIHR-ის მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა 2019 წლის ივნისში დაიწყო და მოიცავდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ასევე იურიდიულ კომიტეტის წინაშე წარდგენილი კანდიდატების ინტერვიუებზე დაკვირვებას. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აკვირდებოდა 2019 წლის დეკემბერში პარლამენტის საბოლოო კენჭისყრის სესიასაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები