ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი

ანაკლიის კონსორციუმი ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

ლევან ახვლედიანი

ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს და ჟენევის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ კონსორციუმის ხელმძღვანელმა, ლევან ახვლედიანმა, ისაუბრა. 

ახვლედიანი სარჩელის კონკრეტულ დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ჯერჯერობით იურიდიული სტრატეგია აქვთ შესამუშავებელი. 

კონსორციუმის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მათთან საინვესტიციო ხელშეკრულება გაეწყვიტა, ძალიან დიდი ზიანი მიადგა ანაკლიის პორტის პროექტსაც და თავად კონსორციუმსაც. 

"ძალიან ცოტა იყო იმისათვის დარჩენილი, რომ წინ წაგვეწია პროექტში და პროექტი წარმატებით განხორციელებულიყო. ძალიან მცირე დათმობები იყო საჭირო მთავრობის მხრიდან, რომ ეს პირობები წარმატებით დაკმაყოფილებულიყო, მთავრობამ არ მოისურვა კონსტრუქციულ საუბარში შემოსვლა,"- თქვა ლევან ახვლედიანმა ბრიფინგზე. 

ახლედიანი ასევე ყვება, რომ იყო ასეთი შემთხვევებიც, როდესაც კონსორციუმმა ინვესტორი პირობებზე დაითანხმა, შემდეგ კი ეს ინვესტორი მთავრობამ გააჩერა. 

"მერე ჩვენთან მოვიდნენ და გვითხრეს, გაგვაჩერესო. ასეთი ინციდენტიც ყოფილა. უბრალოდ, ამაზე მეტად დეტალურად ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ამის მტკიცებულებები არსებობს და ამაზე იქნება დავა,"- ყვება ლევან ახვლედიანი. 

მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს. ანაკლიის კონსორციუმს წინასწარი ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ. ანაკლიის კონსორციუმი 31 დეკემბერს აცხადებდა, რომ არ წყვეტენ მუშაობას, რათა პროექტი არ გაჩერდეს, თუმცა, მათი შეფასებით, ამ ვითარებაში გადამწყვეტი როლი სახელმწიფოს ჩართულობას ეკისრებოდა. 

2019 წლის 8 იანვრიდან სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ანაკლიის კონსორციუმის ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა, და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის, მიმართ. ხაზარაძე-ჯაფარიძეს სახელმწიფო ფულის გათეთრებას ედავება.

ქართული ოცნების დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, 9 იანვარს ანაკლიის პორტზე საბრისას თქვა, რომ მისი აზრით, მთავრობა მამუკა ხაზარაძეს რუსული საფრთხის გათვალისწინების გამო დაუპირისპირდა. 

კომენტარები