ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

"ბეისბოლის ბიტით გაგასხმევინებ ტვინსო" - ყოფილი ცოლი მღვდელზე, რომელსაც გირაო შეუფარდეს

სვანეთის უბანში ტაძრის წინამძღვარს, რომელსაც სასამართლომ გირაო შეუფარდა, ყოფილი ცოლი მასზე და შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს. ნინო გორგოშიძე ტაბულასთან ჰყვება, რომ 14 წელია ძალადობის მსხვერპლია - მას შემდეგ, რაც ლაშა ჩიქოვანთან იქორწინა.

"ამ პერიოდის განმავლობაში იყო პანღურები, თავში დარტყმა, გიტარის თავზე გადალეწვა, ძალიან ბევრი რამ", - ამბობს ის.

2016 წლიდან ნინო გორგოშიძე და ლაშა ჩიქოვანი განქორწინებულები არიან. ქალი ამბობს, რომ მასზე ძალადობა, ამის მიუხედავად, გრძელდება.

ის ჰყვება, რომ პირველ იანვარს მღვდელი ყელის გამოჭრით დაემუქრა და სწორედ ამის შემდეგ ჩაწერა და გაავრცელა ვიდეოები ფეისბუქზე, სადაც ხალხს დახმარებას სთხოვს.

"იყო მუქარები: ბეისბოლის ბიტით გაგასხმევინებ ტვინს, ყელს გამოგჭრი, დანით ამოგატვიფრავ რაღაც ნარატივებს სახეზე... ყველაფერი გადავეცი გამოძიებას და კვლავ გაგრძელდა. პროკურორმა ზარზე მხოლოდ 4 დღის შემდეგ მიპასუხა, როცა მასზე აცილება დავწერე. ამის მერე მცნეს დაზარალებულადაც, იქამდე მოწმის სტატუსი მქონდა", - ამბობს ნინო.

მისი ინფორმაციით, მღვდელზე ბოლო წლებში არაერთი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ლაშა ჩიქოვანის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერეს 2019 წლის 15 ნოემბერს და გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყეს. უწყებამ ორდერი გამოწერა 2020 წლის 3 იანვარსაც. რაც შეეხება სხვა წლებში გამოცემულ შემაკავებელ ორდერებს, ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით საჭიროა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.

ნინო გორგოშიძის თქმით, ძალადობის ყველა შემთხვევის დროს პატრულში არ რეკავდა. ის ამბობს, რომ პოლიციის გამოძახება მაშინ დაიწყო, როცა ვითარება გამწვავდა და მისი ოჯახის წევრებიც ერეოდნენ.

სასულიერო პირის ყოფილი ცოლის ინფორმაციით, კაცი შვილებზეც ძალადობდა. სწორედ ამიტომ, როგორც ნინო გორგოშიძე ამბობს, მღვდელს შვილების მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და 5 შვილიდან მხოლოდ ორი ეკონტაქტება.

"2 წლის წინ სასტიკად გალახა ბავშვი და ამას ხედავდა ბაბუა, რომელიც ასევე სასულიერო პირია. თავს არტყმევინებდა ბავშვს კედელზე, ჰქონდა ნახრჩობი, ნაკაწრი დაზიანებები, ტვინის შერყევა, ჩალურჯებები. ბავშვი აივანზე ყვიროდა, მიშველეთო და მაზლმა დაუძახა, თავი შეყავი, მეზობლებმა არ გაიგონო. მე სახლში არ ვიყავი და როცა მივედი, სახლში მეზობლები დამხვდნენ და ჩემი შვილი ბაბუას უყვიროდა, მეზიზღებიო. გამოვიძახე პატრული და უნდა აღძრულიყო საქმე, ჩემს ქმარს ემუქრებოდა პატიმრობა. ეს გაგვაცნო გამომძიებელმა ბავშვის თანდასწრებით და ბავშვმა ჩვენება შეცვალა, თქვა, რომ უმცროს შვილებს მამა მოენატრებათ. ამიტომ არ აღიძრა მაშინ სისხლის სამართლის საქმე", - ჰყვება ნინო გორგოშიძე.

რაც შეეხება ბრალდებული მღვდლის მამას, ნინო გორგოშიძე ამბობს, რომ ნიკოლოზ ჩიქოვანი დეკანოზია და მამა დავითის ტაძარში მოღვაწეობს. ქალის თქმით, წლების განმავლობაში ქმრისგან ძალადობას სწორედ მამამთილის თხოვნით ითმენდა. სასულიერო პირის ყოფილი ცოლი ასევე აღნიშნავს, რომ ნიკოლ ჩიქოვანი ბავშვების წართმევით ემუქრება და ცდილობს შვილიშვილები დედის წინააღმდეგ განაწყოს.

"მამამთილი მეუბნებოდა, მოითმინე, აიტანე, ქრისტიანი ხარ, მღვდლის ცოლობა მარტივი არ არის, პატრიარქი აუკრძალავს სასმელსო. მე ვარ ქრისტიანი ადამიანი, ფაქტობრივად, მონასტერში ჩამოყალიბდა ჩემი პიროვნება, გააზრებული მქონდა, რომ ჯვარი მაქვს დაწერილი და იმედი მქონდა, შეიცვლებოდა, რადგან ჩემი ოჯახი სიყვარულით იყო შექმნილი. გარდა ამისა, არ მინდოდა ადამიანებს შერყეოდათ რწმენა, ვინაიდან, სასულიერო პირები იყვნენ ამ ყველაფრის უკან", - ამბობს ნინო გორგოშიძე.

მისი ინფორმაციით, იმის სანაცვლოდ, რომ ამაზე საჯაროდ არ ესაუბრა, ყოფილმა მამამთილმა შვილებისთვის სახლი უყიდა, თუმცა შემდეგ ის იპოთეკით დატვირთა და ახლა გამოსახლებას სთხოვს. ქალი ითხოვს, ოჯახმა 5 ბავშვის საცხოვრებელზე იზრუნოს, რომელთაგან უფროსი 12 წლისაა, ხოლო უმცროსი 6-ის.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აწარმოებს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. შსს-ში ამბობენ, რომ საქმეს დაემატა კიდევ ერთი მუხლი - მუქარა. პროკურატურამ მღვდელს ბრალი სწორედ მუქარისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო მოითხოვა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მღვდელი, რომელსაც ყოფილი ცოლი მასზე და ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებს, ამ ეტაპზე თავისუფალია. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები