ტურიზმი საქართველოში

2019 წელს ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 100 ათასით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დეკემბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. 

2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება. ამავდროულად, გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც და 7,725,774-ს შეადგენს, ზრდა 7.3%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ ნაკადს, 2019 წელს საქართველოს სულ 5,080,478 ტურისტი ეწვიამ, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.8%-ით აღემატება.

წელს ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა ტრადიციული ტურისტული ბაზრიდან, მათ შორის რუსეთიდანაც. შთამბეჭდავი ზრდა შეინიშნება ევროკავშირიდან, საიდანაც წელს სულ 484,996 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება. 

2018 წელს საქართველოს ევროკავშირიდან სულ 385,151 ვიზიტორი ეწვია, მატება დაახლოებით 100 ათასს ვიზიტორს შეადგენს. 

ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირიდან მზარდმა დინამიკამ დადებითად იმოქმედა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაზე და განსაკუთრებით, სფეროდან მიღებულ შემოსავლებზე. რუსეთთან ფრენების შეწყვეტის შემდეგ მიღებული ფინანსური დანაკარგის აღმოფხვრაში ევროკავშირის ბაზარმა განსაკუთრებული როლი შეასრულა. 

რადგანაც, ევროკავშირის მოქალაქეების საშუალო ხარჯვა ვიზიტზე, თითქმის ორჯერ აღემატება რუსი ვიზიტორის დანახარჯს. სექტემბერში ეს დაადასტურა ეროვნულმა ბანკმაც. მაშინ ევროკავშირის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად გადააჭარბა რუსეთის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს.

კომენტარები