თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

UIA-ის პრეზიდენტი: ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ კატასტროფის მიზეზი ეკიპაჟი, თვითმფრინავი არ იყო

ევგენი დიკნე

დღეს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი "უნებლიეთ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების (UIA - Ukraine International Airlines) პრეზიდენტმა ევგენი დიკხნეს თქმით, მას არასდროს ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ავიაკატასტროფა თვითმფრინავის მიზეზით არ მომხდარა:

"ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ ჩვენი ეკიპაჟი და თვითმფრინავი ვერ იქნებოდა ამ საზარელი ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი. იქ ჩვენი საუკეთესო ბიჭები და გოგოები იყვნენ. საუკეთესო".

თეირანში ავიაკატასტროფა უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებისთვის პირველი ფატალური შემთხვევაა. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლების თქმით, თვითმფრინავი Boeing 737-800, რომელმაც ირანში ავიაკატასტროფა განიცადა, მათი ერთერთი საუკეთესო თვითმფრინავი იყო და მისი პილოტები ძალიან გამოცდილები იყვნენ. მათივე ინფორმაციით, თეირანის იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენამდე რაიმე პრობლემის ნიშანი არ ყოფილა.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

დღეს ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს. განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა. ირანის სამხედრო ძალების თქმით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი მიიჩნევს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება აშშ-ის ავანტიურიზმით გამოწვეული კრიზისის დროს ადამიანურმა შეცდომამ გამოიწვია.

გუშინ, New York Times-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო შეამოწმდა და დაწერა, რომ შემოწმების შედეგად, დასტურდება, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება.

კომენტარები