თეირანში ჩამოგდებული უკრაინული თვითმფრინავი

თვითმფრინავის ჩამოგდების გამო გამართული აქცია თეირანში ცრემლსადენი გაზით დაშალეს

თვითმფრინავის ჩამოგდების გამო გამართული აქცია თეირანში ცრემლსადენი გაზით დაშალეს. დაკავებულია ათობით აქციის მონაწილე სტუდენტი. 

აქცია Amir Kabir-ისა და Sharif-ის ასობით სტუდენტმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის საწინააღმდეგოდ გამართა. აქციის მონაწილეები თვითმფრინავის ჩამოგდებასა და ირანის მიერ ამ ინფორმაციის 4 დღის განმავლობაში დამალვას აპროტესტებდნენ. ირანი თვითმფრინავის ჩამოგდებას 11 იანვრამდე უარყოფდა. 

სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აქციის მონაწილე სტუდენტები სხვადასხვა ფრაზებს სკანდირებენ. "მატყუარებო", "ძირს დიქტატორი"-ისმის ვიდეოებში. 

სოლიდარობის აქცია სტუდენტებმა გუშინ, 10 იანვარს დააანონსეს. როგორც მათ განცხადებაში ეწერა, ისინი თვითმფრინავის ჩამოგდების დროს გარდაცვლილებისთვის პატივის მიგებასა და სანთლების დანთებას აპირებდნენ. გარდაცვლილთა შორის ირანული უნივერსიტეტების 26 კურსდამთავრებულია. 

დღეს, 11 იანვარს, ირანის სამხედრო ძალებმა განცხადება გაავრცელეს, რომ უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, "უნებლიედ, ადამიანური შეცდომის გამო" ჩამოაგდეს. 

განცხადებაში წერია, რომ თვითმფრინავმა იმ ადგილას გაიფრინა, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

ირანის სამხედრო ძალების ინფორმაციით, სამხედროებში პასუხისმგებელი მხარეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან და პასუხს აგებენ.

აშშ და კანადა თვითმფრინავის ჩამოგდებაში ირანს ბრალს დებდა, რასაც ირანი ამ დრომდე უარყოფდა.

8 იანვარს თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებას ბორდზე მყოფი ყველა, 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან უკრაინის, ირანის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ავღანეთის და გერმანიის მოქალაქეები.

გუშინ, New York Times-მა სოციალურ ქსელებში გავრცელებული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო შეამოწმა და დაწერა, რომ შემოწმების შედეგად, დასტურდება, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავს თეირანში აფრენისთანავე ეჯახება ობიექტი და ფეთქდება. 

თეირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვრის დილით, 04:30 საათზე ჩამოვარდა. ეს იმავე დღეს მოხდა, რა დღესაც ირანი ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებს თავს დაესხა. ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ვერცერთი ადამიანი ვერ გადარჩა. დაღუპულთა რიცხვი 176-დან 180-მდე მერყეობს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბორტზე უკრაინის 11, ხოლო ირანის 71 მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები