ტაივანი

ტაივანის არჩევნებში კვლავ ცაი ინგ-ვენმა გაიმარჯვა და ჩინეთს მოუწოდა მუქარა შეწყვიტოს

ცაი ინგ-ვენი
Getty Images

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ ცაი ინგ-ვენმა გაიმარჯვა და პოსტს მეორე ვადით დაიკავებს. მან ხმათა 57%, ანუ რეკორდული რაოდენობის- 8.2 მილიონი ხმა მიიღო და მნიშვნელოვნად გადაასწრო მთავარ მოწინააღმდეგეს, ხან ქუო-იუს, რომელიც ჩინეთთან დაახლოებას უჭერდა მხარს.

გამარჯვების შემდეგ ცაი ინგ-ვენმა თქა, რომ ჩინეთმა უნდა მიატოვოს მუქარა კუნძულის ძალით დაბრუნების თაობაზე:

"ტაივანი მსოფლიოს აჩვენებს, რამდენად ვაფასებთ ცხოვრების დემოკრატიულ გზას და ჩვენს ქვეყანას. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ჩინეთმა მიატოვოს მუქარა ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების თაობაზე. ასევე იმედი მაქვს, რომ ოფიციალურ პეკინს ესმის, რომ დემოკრატიული ტაივანი, ჩვენი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, დაშინებით და მუქარით დათმობებზე არ წავა." თქვა მან.

ტაივანის არჩევნებზე ჰონგ-კონგის აქციებმა გავლენა მოახდინა, სადაც პეკინის წინააღმდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მილიონობით მომიტინგეს ნახევარ წელზე მეტია ძალადობრიად არბევენ. პეკინი კი ტაივანს უკვე წლებია ჰონგ-კონგში არსებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემით" ჩინეთთან გაერთიანებას სთავაზობს. პარალელურად ჩინეთი საჭიროების შემთვევაში კუნძულის ასაღებად ასევე არც სამხედრო ძალის გამოყენებას გამორიცხავს.

ეს პირველი არჩევნებია მას მერე, რაც გასულ წელს ცაი ინგ-ვენის პრეზიდენტობის დროს მთავრობამ ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭირა მხარი. ეს ნაბიჯი გარკვეულწილად ასევე აღქმული იქნა, როგორც ჩინეთის კომუნისტური პარტიის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება.

ტაივანში პირველი დემოკრატიული არჩევნები 1996 წელს ჩატარდა, რითაც სამხედრო მმართველობა დასრულდა. ტაივანი ჩინურად მოსაუბრე საზოგადოებებს შორის ერთადერთია, სადაც დემოკრატიული მმართველობაა.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, პეკინმა ტაივანის მოკავშირეებზე წნეხი გაზარდა და ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს, იგივე ჩინეთის რესპუბლიკას დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია დიპლომატიური ურთიერთობა ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ან ტაივანთან, იგივე ჩინეთის რესპუბლიკასთან დაამყაროს. ტაივანს არ აღიარებს მისი უდიდესი მოკავშირე აშშ-იც, თუმცა არაოფიციალური ურთიერთობები გააჩნია, აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას. აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ ტაივანის სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

ჩინეთი შიშობს, რომ ცაის ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვვევაში მისი დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებდნენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

კომენტარები