ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება

რაულ ხაჯიმბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამაზ გოგიას თქმით, ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 10 იანვარს გააუქმა. მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედმა ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ოკუპირებულ რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში 47%-ით რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა კვიცინიამ ხმათა 46% დააგროვა. 

ვითარება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა. 10 იანვარს ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აიღეს. ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმაც. დღეს ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.

ხაჯიმბა ამბობდა, რომ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ თქვა, რომ ის არჩევნებისთვის მზად იყო და მომდევნო თვეებში დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებდა. ხაჯიმბას, ისევე როგორ ახალ კანდიდატებს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

კომენტარები