ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა

რაულ ხაჯიმბა

რუსული მედიის ცნობით, თანამდებობიდან გადადგა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

ინფორმაციას ადასტურებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის სპიკერიც. ხაჯიმბას გადადგომას დღეს სოხუმის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები მოითხოვდნენ.

ოკუპირებულ რეგიონში ბოლო თვეების განმავლობაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში 47%-ით რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა კვიცინიამ ხმათა 46% დააგროვა. 

10 იანვარს კი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა.

ვითარება განსაკუთრებით ბოლო დღეებში გამწვავდა. 10 იანვარს ოპოზიციის მომხრეებმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძალის გამოყენებით აიღეს. ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პარლამენტმაც. დღეს ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის კონფლიქტის დასარეგულირებლად სოხუმში რუსეთის უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი მდივანი რაშიდ ნურგალიევი ჩავიდა.

ხაჯიმბა ამბობდა, რომ ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ე.წ. ვიცე-პრეზიდენტმა ვიტალი გაბნიამ თქვა, რომ ის არჩევნებისთვის მზად იყო და მომდევნო თვეებში დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას გააგრძელებდა. ხაჯიმბას, ისევე როგორ ახალ კანდიდატებს ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება.

კომენტარები