თიბისი ბანკის საქმე

ლელო: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე დაჩქარებულად განიხილება, ეს ადასტურებს პოლიტიკურ მოტივაციას

0 კომენტარი
ფოტო: ტვ პირველი

ლელო საქართველოში აცხადებენ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე დაჩქარებულად განიხილება და ეს დამატებით ადასტურებს პოლიტიკურ მოტივაციას. 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კოჟორიძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქმეზე პირველი პროცესი 2019 წლის 10 ოქტომბერს ჩატარდა და შემდეგ, დეკემბრის ბოლომდე, არ ჩანიშნულა. კოჟორიძე ხაზს უსვამს, რომ დეკემბრის პროცესიც მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ლელომ 22 დეკემბრის ყრილობა გამართა, რომელიც, მისი თქმით, მოძრაობისთვის ძლიერი სტარტი იყო.

რაც შეეხება მომდევნო პროცესებს, კახა ჯოჟორიძ​ის ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში დაახლოებით 18 პროცესია ჩანიშნული და პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს, პრაქტიკულად, ყოველ მეორე დღეს, სასამართლო დარბაზში სიარული უწევთ.

"ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ საქმის დაწყების მთავარი მიზანი იყო ის, რომ რაღაცნაირად განეიტრალება მომხდარიყო მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის და მოსამართლის მოქმედება არის ამის დასტური.

ბოლო პროცესზე ადვოკატმა ეკა ეგუტიამ დააყენა შუამდგომლობა, რომ გადადებულიყო სხდომა. ერთი სხდომის გადადებაზე იყო საუბარი, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც, ავთანდილ წერეთელმა დააყენა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ ის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ და ითხოვა რამდენიმე სხდომის გადადება, თუმცა მოსამართლეს ამ ეტაპზე ეს შუამდგომლობაც არ დაუკმაყოფილებია​​", - ამბობს კახა კოჟორიძე.

მისივე ინფორმაციით, დღეს, 13 იანვარს, ადვოკატი უკვე პროკურატურას მიმართავს ოფიციალური განცხადებით იმის შესახებ, რომ ავთანდილ წერეთელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიემგზავრება საზღვარგარეთ და პროცესის ამ მოტივით გადადებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

გარდა ამისა, კახა კოჟორიძის თქმით, ლელო აპირებს სასამართლოს ოფიციალური განცხადებით მიმართოს და ორი კითხვა დაუსვას.

"პირველი მიემართება უშუალოდ მოსამართლე გიორგი არევაძეს - მის სამოსამართლო პრაქტიკაში ყოფილა თუ არა ოდესმე, რომ მსგავსი ინტენსივობით, ორ თვეში დაახლოებით 20 სასამართლო პროცესი ჩაეტარებინოს. მეორე კითხვა მიემართება მთელ ქართულ სასამართლო სისტემას - დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, სხვა რომელ საქმეზე მოხდა, რომ ორი თვის განმავლობაში ასეთი ინტენსივობით ჩატარებულიყოს პროცესები.

მოსამართლეს არანაირი მსგავსი საკანონმდებლო ვალდებულება არ გააჩნია და ჩვენი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი არევაძე უკვე წლებია მოსამართლეა, ასეთი ინტენსივობით მას არც ერთი სხვა საქმე არ განუხილავს", - თქვა კოჟორიძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები