თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

სესიაშვილი: მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ

0 კომენტარი
ფოტო: ირაკლი სესიაშვილი

​თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, ამ საქმეზე სახელმწიფომ უკვე ჩაატარა სრულფასოვანი გამოძიება.

"ვფიქრობ, სახელმწიფომ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარა. ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია მაქვს და ყოველი დეტალი ჩემთვის ცნობილია, მათ შორის ვინ რა ფორმით მონაწილეობდა პროცესში.

სახელმწიფომ ჩაატარა, ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. ამ გამოძიების და შესაბამისი დასკვნის მიმართაც სრული ნდობა მაქვს. მე ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ", - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

2017 წლის დეკემბერში პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე 2 წელია, უშედეგოდ ითხოვს, შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც მისი შვილის საქმეს შეისწავლის.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღეს EMC-ისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ​თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია და ამას სპეცრაზმელების ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებებიც ადასტურებს. მისი თქმით, ხელყუმბარა მისი შვილის მკვლელობის ადგილას შეცდომის დასაფარად მიიტანეს.

საქმეში ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებებზე საუბრობს EMC-იც, რომელიც მაჩალიკაშვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იცავს. EMC-ის მასალის გაცნობის საშუალება მას შემდეგ მიეცა, რაც საქმეზე "მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ" ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა.

ორგანიზაციის განცხადებით, სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას და მთავარი შეუსაბამობები თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება.

ვრცლად წაიკითხეთ აქ.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე 1 თვით ადრე ჩატარდა სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე. ის 2017 წლის 21 ნოემბრის ღამიდან მიმდინარეობდა და 22 ნოემბრის საღამოს დასრულდა.

დააკავეს ერთი ადამიანი, რამდენიმე კი სპეცოპერაციისას დაიღუპა. მაშინ ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე და ISIS-ის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ახმედ ჩატაევი იყო. სუს-ის განცხადებით, ისინი საქართველოსა და თურქეთში დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები