ირანი

"ბოდიშს გიხდით ტყუილებისათვის" - ჟურნალისტები ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ტოვებენ

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის სულ მცირე ორმა წამყვანმა სამსახური დატოვა. მანამდე კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ინსტრაგრამზე დაწერა, რომ ტელევიზიიდან მიდის და ტყუილებისათვის ბოდიში მოიხადა:

"ჩემთვის ძალიან რთული დასაჯერებელი იყო, რომ ჩვენი ხალხი დაიხოცა. მაპატიეთ, რომ ეს ძალიან გვიან გავიგე. და მომიტევეთ იმ 13 წლისათვის, როდესაც ტყიულებს გეუბნებოდით." დაწერა გელარ ჯაბარიმ.

სახელმწიფო მედიიდან წასულმა წამყვანებმა ასევე ბოდიში მოიხადეს და თქვეს, რომ ტელევიზიას და ჟურნალისტიკას აღარასოდეს დაუბრუნდებიან.

ჟურნალისტების განცხადება ირანის სახელმწიფო მედიის მხრიდან ამერიკული ბაზების დაბომბვასა და უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა.

სახელმწიფო ტელევიზია ატარებდა ირანის მთავრობის და ისლამური რევოლუციის გვარდიის პოზიციას, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოგდებიდან სამი დღის განმავლობაში ავიაკატასტროფის მიზეზის დამალვას ცდილობდნენ.

ირანელი ჟურნალისტების ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ცრუ ინფორმაციის გამოქვეყნებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მოსახლეობის აზრზე და შეარყრია მედიის პოზიცია:

"ჩვენ ყველაზე ხმამაღლა ვტყუით მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვატყუებთ. ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიის თანამშრომლებმა აღიარეს, რომ მათდამი ნდობა დაიკარგა, თუმცა არ იციან, რომ ამ მედიის და ადგილობრივი მედიების უმეტესობის სანდოობა დიდი ხანია გამქრალია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვა მედიები აპროტესტებდნენ ამ სიტუაცია, მაგრამ სახელმწიფო მედია მას მხარს უჭერდა."

"ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" ირანს მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180 ქვეყნიდან 170-ე ადგილზე აყენებს. მათ ანგარიშებში ნათქვამია, რომ სახელმწიფო კონტროლი საინფორმაციო საშუალებებზე მკაცრია და 1979 წლიდან ქვეყანაში სულ მცირე 860 ჟურნალისტი დააპატიმრეს ან მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ერაყში აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლეს ირანის რევოლუციური გვარდიის ყუდსის დანაყოფის მეთაური გენერალი ყასემ სოლეიმანი. ამერიკის შეერთებულ შტატებს ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავს შეყვანილი. ირანმა პასუხად 8 იანვარს ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.

ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებდა რევოლუციური გვარდიის განცხადებებს, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ თავდასხმას 80 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც მალევე გაირკვა, ამერიკელ სამხედროებს თავდასხმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ და მზად იყვნენ. შედეგად, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

ასევე 8 იანვარს ირანულმა რაკეტამ თეირანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ ჩამოაგდო უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდაპირველად ირანი უარყოფდა ავიაკატასტროფაში მონაწილეობას და სახელმწიფო მედია ავრცელებდა ცნობებს იმაზე, რომ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და აფრენიდან მალევე ცეცხლი გაუჩნდა. სიმართლეს არც ეს შეესაბამება.

ირანმა თვითმფრინავის ჩამოგდება მხოლოდ 11 იანვარს აღიარა და შეცდომისათვის ბოდიში მოიხადა, თუმცა ამ დრომდე ირანის ქუჩებში აქციები არ წყდება. თავდაპირველად აქციები დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად დაიწყო, თუმცა შემდეგომ ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღიც კი გამოიყენა. დააკავეს ათობით ადამიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები