რუსეთი

პუტინი მედვედევს უშიშროების საბჭოს მოადგილის თანამდებობას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის უშიშროების საბჭოს მოადგილის თანამდებობას დიმიტრი მედვედევს სთავაზობს. რუსული მედია Interfax წერს, რომ პუტინმა ამის შესახებ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"დიმიტრი ანატოლიევიჩი ყოველთვის ამ საკითხებით - ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდით იყო დაკავებული. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელი იქნება და მას ვთხოვე, მომავალში გამკლავებოდა ამ კონკრეტული კატეგორიების საკითხებს. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ამას გავაკეთებ უახლოეს მომავალში - უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენ," - თქვა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით მას შემდეგ გადადგა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს.

პუტინს სურს, რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია, რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

"რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური სისტემის სერიოზული ცვლილებებია. ეს გაზრდის პარლამენტის, საპარლამენტო პარტიების როლს და პრემიერმინისტრის დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობას." თქვა პუტინმა ინიციატივის წამოყენების შემდეგ.

პუტინმა ასევე დააანონსა ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. 

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით, ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

კომენტარები