ცოფის ვირუსი

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ბოლო ერთ თვეში თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა იყო

arynews.tv

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში, თბილისში, ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყებაში ამბობენ, რომ ერთი სოფელ დიღომში, ხოლო მეორე ვაზისუბანში იყო და ორივე შემთხვევაში ცოფი პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა.

"ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ბუნებრივი ლეტალობის შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის ვირუსის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტარონ ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან.

"ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის", - ამბობენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, 2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის ექვსი, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა. უწყებაში ამბობენ, რომ ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს  სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, კანონით დადგენილი წესით განახორციელებენ.

კომენტარები