შოთაძის მობრუნება

EMC: მოვუწოდებთ საბჭოს, მხარი არ დაუჭიროს შოთაძის კანდიდატურას გენ. პროკურორის თანამდებობაზე

ტაბულა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განხადებაში წერია, რომ გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, რომელიც უკავშირდებოდა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ხორავას ქუჩის საქმეზე პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობას და სისტემურ ჩავარდნას.

მათივე თქმით, ამ საქმეში არსებული დარღვევების მასშტაბი პროცესში მაშინდელი მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უთითებდა. 

"რაც შესაძლებელია გამოხატული იყო შოთაძის უშუალო მონაწილეობაში ან მისი მხრიდან სისტემის არასათანადო მართვაში რამაც შესაძლებელი გახადა სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესში პროკურატურის მაღალჩინოსნების უკანონო ზეგავლენა. ირაკლი შოთაძის გადადგომა მისი მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღიარებას გულისხმობდა რაც მისი როგორც მთავარი პროკურორის ლეგიტიმაციის არარსებობას უკავშირდებოდა. ამ ფონზე, შოთაძის კანდიდატურას არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა ქმნის სისტემის პოლიტიზირების კიდევ უფრო გაძლიერების რისკს და ანულებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და შინაარსს, რაც შეუძლებელს უნდა ხდიდეს სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ფიგურების იმავე პოზიციაზე დაბრუნებას," - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმეზე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და ბოლომდე არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში, პროკურატურის მიერ არ იქნა გამოძიებული არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეები.

"ამ პირობებში ცხადია გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების საქმეები, რომელიც პროკურატურის პოლიტიზირების შესახებ ყველაზე მაღალ ეჭვებს აჩენს. ცხადია, რომ წინასაარჩევნო კონტექსტში სისხლის სამართლებრივი დევნის აპარატის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრევენციისთვის და კანონის უზანესობის და დემოკრატიის პრინციპების დაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის და ნდობის მქონე პირი დაინიშნოს," - წერია განცხადებაში.

EMC-ში ამბობენ, რომ ნდობის კრიზისში მყოფი უწყების ხელმძღვანელად იმ პირის დანიშვნა, რომელიც თავად არის პასუხისმგებელი არაერთი სისტემური პრობლემის გადაუჭრელობაზე, კიდევ უფრო შეარყევს საზოგადოებრივ დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ, რომელიც ისედაც მყიფე და სუსტია.

გარდა იმისა, რომ მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, EMC ასევე მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს:

საზოგადოებისთვის დროულად გახადოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა შესახებ;

დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;

წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი.

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორობის კანდიდატია. მთავარი პროკურატურის ცნობით, მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ამ დროისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

კომენტარები