ოკუპირებული ახალგორი

გაყოფილი ოჯახები და მძევლად აყვანილი მოსახლეობა ჩაკეტილ ახალგორში

თამთა ნაჭყებია
0 კომენტარი

4 თვეზე მეტია, ახალგორი ჩაკეტილია - 2019 წლის 4 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დე დაქტო ხელისუფლებამ მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი ჩაკეტა. იქ მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება არ აქვს, რაც მათთვის სამედიცინო მომსახურებასა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებზე წვდომის შეზღუდვას ნიშნავს. გაყოფილია ოჯახებიც. გაურკვეველია, კონკრეტულად რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად. ახალგორის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ხელშესახები შედეგები სჭირდებათ. 

"ჩემი შვილი მენატრება"

სამოქალაქო აქტივისტმა და ჟურნალისტმა, თამარ მეარაყიშვილმა შვილი ბოლოს სექტემბრის დასაწყისში ნახა. 

ფოტო: facebook

"თავდაპირველად გამოაცხადეს, რომ საზღვარი მხოლოდ 1 დღით ჩაიკეტებოდა და 6 სექტემბერს გაიხსნებოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. ჩემი შვილი საგარეჯოში წავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა. ვერც ის ჩამოდის ჩემთან, ვერც მე მივდივარ მასთან. მე ჩემი პრობლემების გამოც ვერ გადავაადგილები - ცხინვალის სასამართლომ შინაპატიმრობა მომისაჯა”, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი, რომელიც უკვე 11 წელია, ახალგორში ცხოვრობს. მისი თქმით, ამის გამო ადგილობრივ პირობებს მორგებულია, ამასთან თავის ბრძოლაზეა კონცენტრირებული და არსებულ ვითარებასთან გამკლავება სხვებზე ნაკლებად უჭირს.

გვიყვება სხვა ახალგორელების პრობლემებზე.

არ მოიძებნება ოჯახი, რომლსაც ეს პრობლემა არ შეეხო. ოჯახის წევრები ერთმანეთს დაშორდნენ და არავინ იცის, რამდენი ხნით. ოჯახის წევრები ერთმანეთს დაშორდნენ და არავინ იცის, რამდენი ხნით.

ვერ უძლებენ აქაურები. განსაკუთრებით ნერვული სისტემის მდგომარეობასა და სტრესულ ფონზე გავამახვილებდი ყურადღებას. გაღიზიანებულია ხალხი. ადრე, როცა როცა აქაურ პრობლემებზე ვსაუბრობდი, მეუბნებოდნენ, რომ მეჩვენება ან ქართული უშიშროების დავალებით ვწერ. 

მაგრამ გზის ჩაკეტვა გახდა იმის მაჩვენებელი, რომ მოთმინების და დუმილის ზღვარი არსებობს”, - ამბობს მეარაყიშვილი და ამის მაგალითად ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მმართველთან, ანატოლი ბიბილოვთან 2019 წლის 27 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ასახელებს. 

30-მდე გამომსვლელი იყო. ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ მიკროფონს, რომ თავის პრობლემაზე ესაუბრა. ვისაც სიტყვით გამოსვლა არ მოუწია, დარბაზიდან ყვიროდნენ, ხმაურობდნენ. 

ჩვენს რაიონში იყო მკვლელობები, საკუთრების ჩამორთმევა, სამსახურიდან გათავისუფლება, საშვების გაუქმება და ვადის არგაგრძელება, მაგრამ ამაზე ჩუმად იყვნენ ხოლმე. ასეთი პროტესტი აქამდე არ ყოფილა”. 

როგორია ცხოვრება ჩაკეტილ ახალგორში

ფოტო: RFE/RL

თამარ მეარაყიშვილი ამბობს:

“ვინც ახალგორიდან გადმოდიოდა ხოლმე, უმეტესად იყვნენ საპენსიო ასაკის ადამიანები, მოხუცები. მათ დევნილის მოწმობები აქვთ და ყველაფერი ერთმანეთზე ჰქონდათ ხოლმე მიბმული. შეღავათები, დახმარება. 70 წლის ზემოთ მოხუცებმა იცოდნენ, შეტყობინება მოსდიოდათ, რომელ მისამართზე არის უფასო გამოკვლევა, ან ოპერაცია, ან ექიმის კონსულტაცია. დედაჩემი და მამაჩემიც სულ სარგებლობდნენ ხოლმე. კონტროლზე იყვნენ ექიმთან. ახლა ეს მოიშალა.

ჩვენი საავადმყოფო, რაც არის დაბაში, რაიონული საავადმყოფო ქვია, მაგრამ სოფლის ამბულატორიის ფუნქცია აქვს - ოპერაცია არ კეთდება. 11 წელია, აქ ბავშვი არ დაბადებულა რენტგენის გაკეთება შეუძლებელია. მაქსიმუმ, კეთდება კადიოგრამა და წნევის გასინჯვა. ლაბორატორიაც კი სისხლის ყველა სახის ანალიზს ვერ აკეთებს. კვირაში ორჯერ ხდება ცხინვალში სისხლის გაგზავნა ანალიზისთვის და ცხინვალის ხარიხსიც ვიცით, თუნდაც იმ სტატისტიკიდან გამომდინარე, რამდენი ადამიანი იღებს თბილისში მომსახურებას. 

ექიმებთან ვერ ახერხებენ მისვლას ისეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ სიმსივნე. ეს კბილის ჩასმა ხომ არ არის, რომ ამან მოიცადოს”. 

რას აკეთებს ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად 

როგორც მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ - ყველაფერს. 

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისაა და სამოქალაქო განათლების საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ტაბულას კითხვის პასუხად ამბობს: 

ფოტო: epn.ge
"საქართველოს ხელისუფლება ახალგორის მიმოსვლის აღდგენისთვის ყოველდღე, ყველა ფორმატის გამოყენებით აკეთებს ყველაფერს. აქ იგულისხმება როგორც არაფორმალური არხები, ასევე დიპლომატია და განსაკუთრებით ჩვენს პარტნიორებთან მუშაობა, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით, რომ ამით იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი, ადამიანებისთვის გაუსაძლისი ყოფა. ახალგორის ჩაკეტვა არის მოსახლეობის მძევლად აყვანა. 

ჩვენ დიპლომატიური არხებით, ჟენევის დისკუსიების ფორმატის გამოყენებით, IPRM-ით (ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი), სხვადასხვა არხებით გავაგრძელებთ მუშაობას და დაუღალავ მცდელობას, რომ ამ ადამიანებს მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ . 

არაერთი ნაბიჯი გადაიდგა კრიტიკული სამედიცინო საჭიროების მქონე პირებისთვის გადაადგილების უზრუნველსაყოფად. საუბარი იყო მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებისთვის, პენსიონერებისთვის გადაადგილების შესაძლებლობის მიცემაზე და ველოდებით, რომ ეს ამოქმედდეს ძალიან მალე. იმიტომ რომ ხალხი არის კრიტიკულ მდგომარეობაში რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდებზე, რომლებსაც უნდათ განათლების მიღება, ოჯახების შეერთებაზე და სრულიად მიუღებელ დარღვევებზე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების. არც ერთი დღე არ მოდუნდება ძალისხმევა. ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის კრიტიკული საკითხია". 

საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის გამშვები პუნქტი სოფელ ჩორჩანასთან ქართული მხარის მიერ საგუშაგო-საპოლიციო პუნქტის აგების გამო ჩაკეტა, როგორც რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე დაძაბულობის ესკალაციასთან და სასაზღვრო ზონაში ოპერატიული სიტუაციის გართულების გამო. 

აგვისტოში საოკუპაციო რეჟიმმა ქართულ მხარეს ულტიმატუმი წაუყენა და საგუშაგო პოსტის დაშლა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი "კანონის ფარგლებში მოქცევით დაიმუქრა". ქართულმა მხარემ ულტიმატუმი არ შეასრულა. 

საგუშაგოს საოკუპაციო ხაზთან ახლოს განთავსება მას შემდეგ გადაწყდა, რაც აქ მცხოვრები მოსახლეობა დამატებით საფრთხეებზე ალაპარაკდა - 2019 წლის დასაწყისში ჩორჩანაში ადგილობრივებმა ხეებზე ტყეში ყვითელი ნიშნულები იპოვეს, რომელიც, მათი აზრით, ამ ადგილებში საზღვრის გავლებას მიანიშნებდა. 

2019 წლის თებერვალში რადიო თავისუფლება წერდა, რომ მონიშნული ტერიტორიის მიღმა ექცეოდა ჩორჩანას ტალკის საბადო და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი „ქართლი -2”. მაშინ უკვე საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩორჩანაში გზის მოწესრიგების შემდეგ უსაფრთხოების მექანისმი გაძლიერდებოდა და გზებზე პატრულირება დაიწყებოდა. 2019 წლის მაისში ჩორჩანას და ატოცის თავზე რუსულმა ვერტმფრენმაც გადაიფრინა.

პოსტ-საბჭოთა სივრცის კონფლიქტების მკვლევარს, ანა წურწუმია-ზურაბაშვილს ძნელად წარმოუდგენია, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება საგუშაგოს აღებას დათანხმდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა არ არსებობს გარანტიები, რომ ამას საპასუხოდ დადებითი ქმედებები მოჰყვება. 

ფოტო: ანა წურწუმია-ზურაბაშვილი

მკვლევრის შეფასებით, გამოსავალი დიპლომატიური არხების კიდევ უფრო გააქტიურებაა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა უნდა ცდილობდეს, საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში რომ უნდა იდგეს. მესმის, რომ ძალიან რთულია, მუდმივად აქტუალური იყოს ეს საკითხი, მით უმეტეს, მსოფლიოში ასეთი მოვლენები ხდება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ასევე, მუდმივად უნდა იყოს იმის მოთხოვნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყოს დაშვებული უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმი და მონიტორინგი. სამწუხაროდ, შედეგებს ვერ ვხედავთ. ასევე არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც ხელისუფლება დგამს”, - ამბობს ანა წურწუმია-ზურაბაშვილი.

მკვლევარს ოპტიმიზმის საფუძველს არც ისტორიული გამოცდილება აძლევს.

"ეს ყველაფერი არ დაწყებულა ახალგორით. აფხაზეთის მიმართულებითაც, გადაადგილების თავისუფლების და ზოგადად ჰუმანიტარული მდგომარეობის კუთხით წლების მანძილზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. გასულ წელს რამდენჯერმე ჩაიკეტა ენგურის ხიდი (და ეს არის ერთადერთი გადასასვლელი, რომელიც ფუნქციონირებს აფხაზეთის მიმართულებით), როცა საშუალება არ მიეცათ ადამიანებს, სამკურნალოდ გადმოსულიყვნენ, როცა საშუალება არ მიეცათ აბიტურიენტებს, გამოცდის ჩასაბარებლად გადმოსულიყვნენ. ისევე, როგორც უკვე წლების განმავლობაში ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება, მოინახულონ საფლავები, დაესწრონ ოჯახის წევრების დაკრძალვას. გვახსოვს ის საშინელი ამბავი, როცა ორსანტია/ოტობაიას გადასასვლელთან ოჯახმა დაასვენა მიცვალებული და ჭირისუფალი მეორე მხრიდან დასტიროდა.

რამდენიმე წელია, ერთადერთი აქტივისტი ახალგორში, თამარ მეარაყიშვილი საუბრობს იმაზე, რომ უფრო და უფრო რთულდება ვითარება, მაგრამ რასაც ვხედავთ, ის არის, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ინფორმაციასაც არ გვაწვდის იმაზე, თუ რას აკეთებს. მხოლოდ ის ვიცით ოფიციალური განცხადებების დონეზე, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მაგრამ თან აქეთ გვამუნათებს და გვეუბნება, რომ ეს ეხება უსაფრთხოების ისეთ საკითხებს, რომელთა შესახებ საჯარო საუბარმაც შეიძლება პირიქით, ზიანი მოიტანოს", - ამბობს წურწუმია-ზურაბაშვილი. 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და დროებითი ღონისძიების მექანიზმი

საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს ხელისუფლებას  რამდენჯერმე მოუწოდეს, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, გამოიყენოს დროებითი ღონისძიება (ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი), თუმცა, უშედეგოდ. 

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC)-ის იურისტი, თეონა ფირანიშვილი განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს ამ მუხლის გამოყენებას. 

ფოტო: EMC

"ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დროებითი ზომის მექანიზმი გამოიყენება მაშინ, როცა უფლების დარღვევის მნიშვნელოვანი საფრთხეები დგას და მანამ, სანამ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, ესა თუ ის ღონისძიება, უფლებების დაცვის მიზნით, შეაჩეროს. მაშინ, როცა საქართველოს საერთაშორისო დონეზე მიმართული აქვს რუსეთის წინააღმდეგ და საუბრობს არაერთი ადამიანის უფლების დარღვევაზე, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ დროებითი ზომის ამოქმედება იქნება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ეს შეაჩერებდა ამ პროცესს. ანუ შეიძლება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაავალოს რუსეთს, გახსნას მიმოსვლა და შეაჩეროს ადამიანის უფლებების დარღვევა".

ფირანიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მათი არაერთი მიმართვისა, ოფიციალური პასუხი, რატომ არ მიმართავს ხელისუფლება ECHR-ს, ვერ მიიღეს. იურისტის თქმით, იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამ მექანიზმის გამოყენება შეიძლება პრობლემური იყოს იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოებისთვის.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დევნილი ჟურნალისტი და აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილ კი კვლავ ჟურნალისტებს მოგვმართავს თხოვნით, ხელისუფლებას ახალგორელების მძიმე მდგომარეობის შესახებ გადავცეთ. 

"ვითხოვთ გადაადგილების თავისუფლებას - ხელისფლებამ ან​ მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ან მოელაპარაკოს გადაწყვეტილების მიმღებ ძალას თუ ადამიანებს გზის გახსნაზე - პირობა თავად მოეძებნოს", - ამბობს მეარაყიშვილი და ხელისუფლებას უყურადღებობის გამო საყვედურობს. 

"2020 წლის მთავრობის პირველ სხდომას ყურადღებით ვუსმინე. პრემიერმისტრმა გიორგი გახარიამ ახსენა ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება - ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე საკითხი იყო სამთო კურორტებზე უწყლობის პრობლემა. მესამე - მასწავლებლების ხელფასები. 

როგორ შეიძლება, მე მითხრან, ყველაფერს ვაკეთებთო. 

ტელევიზიით მაღალი თანამდებობის პირი ჩვენზე საუბრობს, ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი სტიმული და იმედი, რომ რაღაც იცვლება, მუშაობენ. როცა არაფერს ამბობენ, კი არ მალავენ, რომ საქმე არ გაფუჭდეს, არამედ არაფერი აქვთ სათქმელი".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები