ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნება

კახიძე შოთაძეზე: პროკურატურა ივანიშვილს ემსახურება, აზრი არ აქვს, ვის მისცემს დავალებას

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატის, ოთარ კახიძის, თქმით, გახდება თუ არა ირაკლი შოთაძე მეორედ გენერალური პროკურორი, ამის თქმა რთულია, თუმცა, მისივე თქმით, ამას არსებითი მნიშვნელობა არც აქვს. 

ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში კახიძე ამბობს, რომ პროკურატურაში შოთაძის დანიშვნით ან არდანიშვნით საზოგადოებისთვის სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება. 

"პროკურატურა არის ინსტრუმენტი პირადად ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომ არასასურველი პირების მიმართ, ეს იქნებიან მედიის მფლობელები, ჟურნალისტები, თუ პოლიტიკური ოპონენტები, აწარმოოს სისხლის სამართლის საქმეები. სხვა დანიშნულება პროკურატურას არ აქვს," - ამბობს კახიძე. 

დეპუტატმა ასევე გაიხსენა ხორავას ქუჩის საქმის შესახებ შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც ევროპული საქართველო ხელმძღვანელობდა. სწორედ ხორავას ქუჩის საქმე გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც შოთაძემ თანამდებობა დატოვა. 

"კომისიამ პირდაპირ გამოკვეთა შოთაძის შესაძლო მონაწილეობა დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებისა და მტკიცებულებების განადგურების საქმეში,"- თქვა კახიძემ.

დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ პროკურატურას ყველა ფაქტი მიაწოდა, ამ საქმის საპროკურორო გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა.

"ეს გაკოტრებული ხელისუფლების ნიშანია, მეორადი მოხმარების თანამდებობის პირებს მეორე რიგზე რომ ჩამოატარებენ ხოლმე, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. ივანიშვილი სანამ იქნება ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, პროკურატურა დაექვემდებარება მას. ვის მისცემს დავალებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს,"- ამბობს ოთარ კახიძე. 

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე კვლავ გენპროკურორობის კანდიდატია. მთავარი პროკურატურის ცნობით, მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.

ამ დროისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი. მთავარი პროკურატურის ცნობით, კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის მაისში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო დაწყებული აქციების შემდეგ გადადგა. ის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები