ჩინეთი

ჩინეთში ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი დადასტურდა

Reuters

ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა დედაქალაქ პეკინში, შახაიში და სხვა ქალაქებში. ვირუსი პნევმონიას იწვევს, სიმპტომები მოიცავს სიცხეს და სუნთქვის გართულებას. დადასტუდა მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შემთხვევები. გარდა ამისა, ვირუსის შემთხვევები უკვე ჩინეთის გარეთ, იაპონიაში, ტაილანდში და სამხრეთ კორეაშიც დაფიქსირდა.

სულ ჩინეთში ვირუსით დაავადების 217 და გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ამ დროისათვის ვირუსით დაავადების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

ვირუსის გავრცელების საშიშროება განსაკუთრებით გაზრდილია, რადგან ჩინეთში მთვარის კალენდრით ახალ წელს აღნიშნავენ და ამისათვის ასობით მილიონი ადამიანი ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ მოგზაურობას აპირებს.

აშშ-მა ვუჰანიდან მომავალ ფრენებზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და სპეციალური შემოწმება შემოიღო, რადგან ვირუსის პირველი შემთხვევები აქ დაფიქსირდა. ვირუსით დაავადების 217 შემთხვევიდან 198 სწორედ ვუჰანში დაფიქსირდა. ჩინეთის გარეთ დაფიქსირებულ ოთხივე შემთხვევაში ვირუსის მატარებელი ვუჰანიდან იყო ჩასული.

ვირუსის წარმომავლობა ჯერ არ დაუდგენიათ. ის კორონავირუსების იმავე ოჯახს მიეკუთვნება, რასაც მძიმე მწვავე რესპირატორული სიმდრომი (SARS), რომელმაც 2002-2003 წლებში მსოფლიოში 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინაც დაავადება პირველად ჩინეთში გავრცელდა. მაშინ ჩინეთის მთავრობამ ვირუსის გავრცელების დაფარვა სცადა და ეპიდემიის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ აღიარა, რაც გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ახლა ჩინეთის მთავრობას მოუწოდებენ არ დაუშვას იგივე შეცდომა და ვირუსის შესახებ ინფორმაცია საჯარო გახადოს.

ამ დრომდე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გაფრთხილება და მოგზაურობაზე შეზღუდვის რეკომენდაცია არ გამოუცია.

კომენტარები