ქართული ოცნება

წულუკიანი: 8 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას

იმედი

თეა წულუკიანის თქმით, 2020 წლის არჩევნების შემდეგ 8 წელი შესრულდება, რაც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობს. მისივე თქმით, ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ერთი ადამიანი მართავდეს ერთ სისტემას. 

ამის შესახებ წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიში მოისმინეს. 

"მე, თუკი ეს იქნება ქართული ოცნების სურვილი, ვაპირებ, დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს [8 წელი] საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება ქართული ოცნების გადაწყვეტილება," - თქვა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მანამდე მას იუსტიციის სისტემაში რამდენიმე რეფორმა აქვს ბოლომდე მისაყვანი. წულუკიანმა ასევე თქვა, რომ ის, როგორც ქართული ოცნების პოლიტიკური თანამდებობის პირი, აპირებს "ძალიან აქტიურად იყოს ჩართული" ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიაში. 

"მე მჯერა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა ციხეების ჩათვლით, გაისად ამ დროსაც იქნება მართული ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ქართული ოცნების წარმომადგენლის მიერ,"- ამბობს წულუკიანი. 

კითხვაზე, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის დროს ის თანამდებობიდან გადადგება, თუ არა, წულუკიანი პასუხობს, რომ მას ასეთი განწყობა არ აქვს. 

"მე მინისტრს მაქვს უფლება, რომ ვიყო მინისტრი და ასევე ვიყო სუპერაქტიური, ვიდრე რომელიმე წინა არჩევნების დროს მინისტრობისას ვყოფილვარ საარჩევნო კამპანიაში. მე ვაპირებ ამას იმიტომ, რომ მე როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ არ დავუშვა წარსულის დაბრუნება საქართველოში,"- ამბობს წულუკიანი. 

კომენტარები