ევროპული საქართველო

ევ. საქართველო: პროპორციულზე გადასვლის პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა არაკორექტულია

ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ პროპორციული არჩევნები "ენმ-მ მოითხოვა და გამოგლიჯა ხელიდან ოლიგარქს". 

პარტია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მხრიდან პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა არაკორექტული და არასწორია. 

"საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ღირებულებებით და სტრატეგიით განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ვალია, ამ ამოცანის გადაჭრაზე კონცენტრირება.

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა; მათ შორის, განსაკუთრებით მათი, ვინც პროტესტი გამოხატა და ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად სამოქალაქო საზოგადოების დიდი სიმტკიცე აჩვენა ხელისუფლებას.

დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია. ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია.

ასევე შეცდომაა ამ არაკორექტულ განცხადებაზე რეაგირებისას ოპოზიციის შემდგომი კოორდინაციისთვის რაიმე წინაპირობების დაყენება ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან.

ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვისაც მეტი პოლიტიკური წონა აქვთ. მოვუწოდებთ ყველას ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე - ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. შემდგომი კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ფასეულობითი და სტრატეგიული სხვაობები საჯარო დისკუსიის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილი იქნება,"- წერია ევროპული საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების პირობა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის ღამის შემდეგ რამდენიმე დღეში მასშტაბური აქციების ფონზე დადო. ეს აქციების სამი მთავარი მოთხოვნიდან ერთერთი იყო, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია და სამოქალაქო საზოგადოება ითხოვდა. 

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ივანიშვილის დაპირების შემდეგ ენმ-ის ლიდერმა, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, თქვა, რომ ყველა, ვინც 0%-იანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემას დაეთანხმება, ან სულელია ან მოსყიდული. 

მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებული საჯარო პირობა ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა და 14 ნოემბერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. მმართველი გუნდის ლიდერებმა, მათ შორის თავად ივანიშვილმა პასუხისმგებლობის გადატანა მაჟორიტარ დეპუტატებზე სცადეს. 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემქნილი კრიზისის გადასაჭრელად და ხელისუფლება და ოპოზიცია, დიპლომატიური კორპუსის თანდასწრებით, 20 დეკემბერს ერთმანეთს მეოთხედ შეხვდა. მოლაპარაკებების მე-4 რაუნდზე ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას 100-50-ზე ბალანსი შესთავაზე, რაც პარლამენტში 100 დეპუტატის პროპორციული საარჩევნო წესით და 50 დეპუტატის მაჟორიტარული წესით არჩევას გულისხმობს. 

მოქმედი საარჩევნო სისტემით 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 დეპუტატს კი მაჟორიტარული წესით, შესაბამისად, ქართულ ოცნებას ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი მათ არ ჰყავთ. 

ქართული ოცნების მხრიდან ამ ვერსიის შეთავაზებამდე ოპოზიციას ხელისუფლებას ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლა შესთავაზა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებას არ საჭიროებს და მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო კოდექსის კორექტირებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი ყველა გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია, იურისტები და კონსტიტუციონალისტები ერთხმად ამბობდნენ, რომ ე.წ გერმანული მოდელი კონსტიტუციურია, ქართულმა ოცნებამ ეს ინიციატივა არაკონსტიტუციურობის საბაბით არ გაიზიარა. 

კომენტარები