კონგრესმენების წერილი გახარიას

რა წერია ამერიკელი კონგრესმენების მიერ გახარიასთვის მიწერილ წერილში

საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროვა იმ წერილის ასლი, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 4 ამერიკელი კონგრესმენისგან მიიღო. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

"გწერთ, როგორც იმ კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლური ინტეგრაციის გზას. თუმცა, როგორც 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე აღვნიშნეთ, შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ასევე, საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირება. 

იმ ფონზე, როცა საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, განმეორებით მოგიწოდებთ, რომ უზრუნველყოთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და დაცვა შიდა თუ გარე ჩარევებისგან. თქვენს საპასუხო წერილში, რომელიც 17 დეკემბრით იყო დათარიღებული, პირობა დადეთ, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩაივლის. თუმცა, უახლესი ინფორმაციით, Facebook-მა წაშალა ანგარიშების დიდი ქსელი, რომლებიც ქართული ოცნების მიერ იყო დაფინანსებული. ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ ანტი-დემოკრატიულ, ანტი-დასავლურ სენტიმენტებს, უბრალოდ, მიუღებელია. 

ასევე, გვაშფოთებს ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების დანიშნული პროკურორები ძველ სამართლებრივ საქმეებს ანახლებენ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ზოგიერთ ამ საქმეს, შესაძლოა, ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, სხვები აღქმულია, როგორც წამყვანი პოლიტიკოსების, მედიის მფლობელების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მთავარი გასაღებია, რაც თქვენი პარტიის დაპირებაა.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ თვალს ვადევნებდით ქართველი ხალხის შეუპოვარ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისკენ. თუმცა, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ნაჩვენები შედეგისა, ბოლო პერიოდის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მკვეთრ ვარდნას აჩვენებენ, რამდენადაც ამერიკული და ევროპული კომპანიები შევიწროების მსხვერპლი ხდებიან, ბევრ ამ ბიზნესს თავისი გეგმების შეცვლა უწევთ. 

მეტიც, ქართული ოცნების მიერ ამერიკული მხარდაჭერის მქონე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ, ხელი შეუშალა ამ მნიშვნელოვან პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადებას. მოვლენათა ამგვარი განვითარება ასახავს მზარდად გაუარესებულ ბიზნეს გარემოს, რასაც შეუძლია სამომავლოდ ხელი შეუშალოს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს და დასავლურ ინსტიტუტებში უფრო ღრმა ინტეგრაციის იმედებს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს სასიცოცხლო ჰაბი აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკის წარმატების საწინდარი იქნებოდა.

ჩვენ ამ წუხილებს გამოვხატავთ იმ იმედით, რომ საქართველოს დემოკრატია გაძლიერდება და ხელს შევუშლით აშშ-ის კონგრესის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის უარყოფითისკენ შეცვლას. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაზარდოს ეკონომიკური კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის ისე, რომ საქართველომ შეძლოს მომდევნო ბევრი წლის განმავლობაში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. ველოდებით თქვენს პასუხს,"- წერია წერილში. 

წერილს ხელს აწერენ რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები: ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული. 

ეს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებისა და ამით ქვეყანაში გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, მესამე წერილია, რომელსაც გახარია კონგრესმენებისგან იღებს. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები