კონგრესმენების წერილი გახარიას

კობახიძე კონგრესმენებზე: ენმ 2012 წლამდეც ახერხებდა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს ეხმაურება. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა "2012 წლამდეც ახერხებდა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას".

"წერილი შეიცავს არაერთ უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. იქ არის ისეთი უზუსტობები, რომელთა დაკავშირებითაც ქართულ საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, უშუალო კომუნიკაციის ფორმით. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგელოდ და სამწუხაროდ, იფუთებოდა ხოლმე ძალიან ხშირად ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. არის ერთი და იგივე რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მუდმივად აკეთებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ განცხადებებს, ეს არის მათი რესურსი",-თქვა კობახიძემ. 

დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებისა და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, კონგრესმენებისგან უკვე მესამე წერილი მიიღო. 

რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები, ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკაული შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდებისა და თანმხლები ძალადობის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

კონგრესმენების განცხადებით, ასევე საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებაც. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესმენები შეწუხებულები არიან პროკურატურის მიერ ქართული ოცნების ოპონენტების წინააღმდეგ დაწყებული, თუ განახლებული საქმეებით. 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემცირებაზეც საუბრობენ, რაც მათივე განცხადებით, ამერიკული და ევროპული კომპანიების შევიწროვების შედეგია. 

პირველი წერილი გახარიამ 16 დეკემბერს ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის მხრიდან მიიღო. წერილში კონგრესმენები გამოთქვამდნენ იმედს, რომ ხელისუფლება დაუყონებლივ მიიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ისინი წერდნენ, რომ ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან და რომ საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ თავზარდამცემია. 

19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მალინმა, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები