კონგრესმენების წერილი გახარიას

ბაქრაძე: კონგრესმენები არასწორ ინფორმაცის აწერენ ხელს, მათ უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ

საქართველოს ელჩი აშშ-ი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს ინფორმაციას აწვდიან საქართველოდან, მათ უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ, რადგან შემდეგ ისინი [კონგრესმენები], არასწორ ინფორმაციას აწერენ ხელს.

ბაქრაძემ ტვ იმედთან ინტერვიუში ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილი კრიტიკული წერილები შეაფასა, რომლებშიც, მათ შორის, კომპანია ფრონტერას მიმართ საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის სამართლებრივი დავის შესახებ არის საუბარი.

"გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველთვის გახსნილები ვართ კონგრესთან ურთიერთობაში. ინიცატივებიც გვაქვს, რომლებიც შემდეგ სამაგალითო გახდა სხვა საელჩოებისთვის, ჩვენ კომუნიკაციის ნაკლებობას არ განვიცდით.

თუმცა, მინდა, ისევ საქართველოს მეგობართა ჯგუფის წერილზე გადავერთო - ის ფაქტობრივი უზუსტობები, ის, ასე ვთქვათ, თვლადი კრიტერიუმებითაც დანახული უზუსტობები, რომელიც წერილშია, შეეხებოდა ეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, რომლის მაჩვენებელიც ჩვენ ძალიან მაღალი გვაქვს რეგიონში, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან შედარებით, შეეხებოდა ეს ინვესტიციების რაოდენობას თუ შეეხებოდა საქართველოს ანტიდასავლურ კურსთან რაიმე კითხვებს, რომელიც პირდაპირი ფაქტობრივი უზუსტობა იყო წერილში, ამ საკითხებზე ის ხალხი, ვინც ამ ინფორმაციას აწვდის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრებს, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ მათ, რადგან გარკვეულ არაზუსტ ინფორმაციაზე აწერენ ხელს", - თქვა ელჩმა. .

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

კომენტარები