კონგრესმენების წერილი გახარიას

კალაძე: წერილებში აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები, სამუშაოა კონგრესმენებთან

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ კონგრესმენების წერილებში, სადაც ისინი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ, "აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები" და საჭიროა მუშაობა კონგრესმენებთან.

"სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ოფიციალური ვაშინგტონის განცხადება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ წერილი, გაკეთებული შეფასებები, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზეც. თუმცა, რა თქმა უნდა ამ ადამიანებთან სამუშაოა, სამუშაოა იგივე კონგრესმენებთან, ჩასვლა, ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება, იმიტომ რომ წერილებში, რომლებსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო ფაქტობრივი არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა საჭიროა, ჩასვლა, სწორი ინფორმაციის მიწოდება, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი", - ამბობს კახა კალაძე.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

კონგრესმენები მარკ უეინ მალინი, ბრაიან ბაბინი და ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილებში შეშფოთებას გამოხატავენ განგრძობად უარყოფით ტენდენციებზე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც ამერიკულ და ევროპულ ბიზნესკომპანიებზე თავდასხმებში გამოიხატა და ამის მაგალითად კომპანია ფრონტერას ასახელებენ.

როგორც მალინის და ბაბინის, ასევე სხვა კონგრესმენების და სენატორ როჯერ ვიკერის წერილებში გამოთქმულია წუხული და შეშფოთება იმაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკელი პარტნიორები ასევე უთითებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის დროს ხარვეზებზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისთვის ხელის შეშლასა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლებრივ დევნასა და მედიის შევიწროებაზე.

კომენტარები