კონგრესმენების წერილი გახარიას

შეპარდი: წერილები კარგის ნიშანია, მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკაში საქართველოზე ფიქრობენ

en.wikipedia.org

ჰალიფაქსის​ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესმენების წერილები საქართველოში სერიოზულად უნდა აღიქვან და მეტიც, მიესალმონ კიდეც მათ. 

​ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა. შეპარდის თქმით, ეს წერილები მიუთითებს იმაზე, რომ კონგრესში საქართველოზე ფიქრობენ და ეს კარგის ნიშანია.

"შეერთებული შტატები გლობალური ძალაა და სამყაროს გლობალური ძალის ლინზით უყურებს. ძალიან რთულია ამერიკაში ერთ კონკრეტულ საკითხზე წარმომადგენელთა პალატის, სენატის, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების მიქცევა. ის ფაქტი, რომ კონგრესის ოთხმა წევრმა საქართველოს წერილი გაუგზავნა - ორი თვით ადრე კიდევ იყო მსგავსი წერილი - იმას ნიშნავს, რომ კონგრესში საქართველოზე ფიქრობენ. ამერიკა საქართველოს პრობლემებს ვერ გადაუჭრის, ეს თვითონ საქართველომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ამერიკას შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს ან ღირებულებების თანხვედრაზე განცხადება გააკეთოს საერთაშორისო ფორუმებზე.

ამერიკის კონგრესს უკიდურესად გავლენიანი რეზოლუციების მიღება შეუძლია. ეს წერილები კარგის ნიშანია იმიტომ, რომ ისინი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის კონგრესში ადამიანები საქართველოზე ფიქრობენ და მას ყურადღებას აქცევენ. საქართველოზე ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი ფიქრობს. კონგრესის წერილებთან ერთად, დეკემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა კრიტიკული განცხადება, ევროკავშირმაც იგივე გააკეთა. მსოფლიო ვერ წამოხტება ერთ დღეს და საქართველოს ყველა პრობლემას ვერ მოუგვარებს, მაგრამ ხალხი საქართველოზე ფიქრობს და მას აკვირდება. ეს კარგის ნიშანია", - ამბობს შეპარდი.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, მთავრობა გაბრაზდეს კრიტიკის გამო, მაგრამ ამ კრიტიკას თავისი მიზეზები აქვს.

"საქმე ისე გამოიყურება, რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობას ასუსტებს, პრესაზე იყო ზეწოლა, გაურკვეველია დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. თუ ასე იქცევი, ამას ცხადია სამართლიანად კრიტიკაც მოჰყვება. შეიძლება ისინი გაბრაზდნენ იმაზე, რომ ვიღაცა აკრიტიკებთ, მაგრამ მეტი ყურადღება იმაზეა მისაქცევი, თუ თვითონ რას აკეთებენ", - ამბობს ჰალიფაქსის​ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი.

ჟურნალისტის კითხვას საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, რომლის მიხედვით კონგრესმენებს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არასწორ ინფორმაციას აწვდის, შეპარდი პასუხობს, რომ მათ ინფორმაციის მისაღებად ოპოზიციის იმედზე ყოფნა არ სჭირდებათ.

"პირველ რიგში, ის მთავრობები, რომლებიც "ცუდად იქცევიან", ყოველთვის იმას ამბობენ, რომ მათი ადგილობრივი ოპონენტები ქმნიან პრობლემებს და საერთაშორისო დონეზე ამ კრიტიკას იწვევენ. ისინი საკუთარ მოქმედებებს არასოდეს აფასებენ. მაგალითად პროპორციული სისტემა რომ მოვიყვანოთ. საქართველოში მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ უკმაყოფილების ჩასაცხრობად მთავრობამ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. შემდეგ მთავრობა გამოვიდა და ეს დაპირება უკან წაიღო. ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ამის უფლება აქვს. ეს ოპოზიციას არ გამოუგონია. ეს რეალობაა. იგივე ხდება მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. სასამართლოს კონტროლი ზოგადად „ნეო-ავტორიტარიზმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პუტინის სახელმძღვანელოა - აკონტროლე სასამართლო, დისკრედიტაცია გაუკეთე არასამთავრობო სექტორს, შეზღუდე მედია. ამერიკის საელჩო, ამერიკული არასამთავრობოები საქართველოში ხედავენ რა ხდება. მათ არ სჭირდებათ ოპოზიციის იმედზე ყოფნა იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ. ისინი არანაკლებ ინფორმაციას აწვდიან ამერიკელ პოლიტიკოსებს. იმის თქმა, რომ ამას მხოლოდ ოპოზიცია აკეთებს, უბრალოდ არასწორია", - აღნიშნავს შეპარდი.

ის საუბრობს საქართველოს იმიჯზე და რეპუტაციის შელახვაზეც. ჰალიფაქსის​ საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკმაყოფილება არა საქართველოს, არამედ საქართველოს მთავრობისკენაა მიმართული.

"ჩემი აზრით, საქართველოს გარეთ ხალხი ხედავს, რომ ქვეყანაში რაღაცა პრობლემური ხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეპუტაცია შეილახა. მე ასე შორს არ წავიდოდი. საქართველოზე ხელი არავის ჩაუქნევია. უკმაყოფილება არა საქართველოს, არამედ საქართველოს მთავრობისკენაა მიმართული. არავინ აკრიტიკებს ქართველ ხალხს, არავინ ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ვერ შეძლო დემოკრატიის აშენება. თუ ვინმეს რეპუტაცია ილახება, ეს მთავრობის რეპუტაციაა და არა ქვეყნის", - აღნიშნავს რობინ შეპარდი.

კომენტარები