ბრიტანელი მოგზაური

პოლიციამ ბრიტანელ მოგზაურს თბილისში მოპარული ველოსიპედი დაუბრუნა

შსს

პოლიციამ ბრიტანელ მოგზაურს, როუან კემპბელს, ის ველოსიპედი დაუბრუნა, რომელიც მას თბილისში მოჰპარეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ველოსიპედი ძველი თბილისისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცოტნე დადიანის ქუჩაზე იპოვეს. 


ველოსიპედის მოპარვის შესახებ შსს-ში განცხადება კემპბელმა 25 იანვარს შეიტანა. 2 დღის შემდეგ მან ამის შესახებ Facebook-ჟგუფში Spend 4 Seasons in Georgia-ში დაწერა

როგორც კემპბელი პოსტში წერდა, მან მოგზაურობა სინგაპურიდან დაიწყო და საქართველოში ვიზიტამდე 11 ქვეყანას ესტუმრა. მისივე თქმით, ველოსიპედით 7 500 კილომეტრი გაიარა. 

"მინდა, კვლავ გავაგრძელო ჩემი მოგზაურობა, მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ, მომიწევს, დავასრულო," - დაწერა მოგზაურმა. 

პოსტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მოგზაურს ახალი ველოსიპედი აჩუქეს. მათივე ცნობით, მოგზაურს კომპანიებმა სხვადასხვა საჩუქარი გაუკეთეს. 

ველოსიპედის მოპარვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით გრძელდება.

კომენტარები