პრეზიდენტი

პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ ივანიშვილად მოიხსენია. 

"რაც შეეხება კითხვებს პრეზიდენტ ივანიშვილის ბოლო განცხადებაზე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა საქართველოში და პირადად მეც, მუდმივად ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ ვარ იმის შესახებ, თუ რა ვთქვი, ან არ ვთქვი,"- თქვა ზურაბიშვილმა. 

ზურაბიშვილმა ეს სლოვაკი პარლამენტარის, მარტინ პოლიაჩიკის კითხვის პასუხად თქვა, რომელმაც პრეზიდენტს 2019 წლის დეკემბერში Facebook-ის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული, ანტი-დასავლური პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშების წაშლის ფაქტი შეახსენა. პოლიაჩიკმა ზურაბიშვილს ჰკითხა, რა გაკეთდა ამის საპასუხოდ.

ზურაბიშვილს მიმართვისთვის ერთი საათი ჰქონდა გამოყოფილი. აქედან, ნაწილი მის სიტყვას უნდა დათმობოდა, შემდეგ ზურაბიშვილისთვის პარლამენტარებს შეკითხვები უნდა დაესვათ, მას კი პასუხი გაეცა.

ზურაბიშვილმა კი 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა, კითხვა-პასუხისთვის კი 10 წუთი დატოვა.

სიტყვის დასრულების შემდეგ, ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯონ ჰაუელმა დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და დროის დამატება მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. ზურაბიშვილს კრიტიკული შეკითხვები დაუსვეს, რომლებიც, მათ შორის, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და გავრილოვის ღამეს ეხებოდა.

კომენტარები