თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმე

მაჩალიკაშვილი პარლამენტში ბრიფინგის გასამართად არ შეუშვეს, ის შეუძლოდ გახდა

ტვ პირველი

2017 წლის დეკემბერში სუს-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს, რის შედეგადაც ის შეუძლოდ გახდა. 

მაჩალიკაშვილი მისი შვილის სპეცოპერაციის დროს მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. სწორედ ამის გამო მივიდა ის პარლამენტთან, სადაც დეპუტატების სახელზე წერილის შეტანას და ბრიფინგის გამართვას აპირებდა. 

მიუხედავად იმისა, რომ მას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა ახლდა, ის პარლამენტის შენობაში დაცვამ მაინც არ შეუშვა და არც ამ არშეშვების მიზეზები განუმარტავს. 

ინციდენტის შემდეგ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა და წაიქცა. 

"მე პირველივე დღიდან სრულიად უნდობლობას ვუცხადებ პროკურატურას, სასამართლოს. მე ყოველთვის მქონდა მცდელობა, რომ შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია. ამ კომისიამ სიმართლის 1% მაინც რომ გამოიძიოს, ვიცი, რომ საზოგადოება მიიღებს პასუხს კითხვაზე, რატომ მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი," - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სანამ პარლამენტში შესვლაზე უარს ეტყოდნენ. 

პროკურატურის განცხადებით, მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება 25 იანვარს შეწყდა. უწყების განცხადებით, "სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო".

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს - მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ოფიციალური ვერსიით, მაჩალიკაშვილმა ხელყუმბარის გახსნა სცადა და გასროლაც სწორედ ამიტომ მოხდა.

თავში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციიდან რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები