ამერიკელი სენატორების წერილი

"ვიმედოვნებთ, შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს" - სენატორების მორიგი წერილი მთავრობას

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სენატორი რიში რესპუბლიკური, ხოლო სენატორი შაჰინი დემოკრატიული პარტიის წევრია. პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოს მთავრობა შეეცდება უკუსვლის შემობრუნებას და პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დანაპირებს შეასრულებს.

სენატორების შეფასებით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ქართული დემოკრატიის და მმართველობის დასუსტებაზე მიუთითებს. ისინი ორ ყველაზე კრიტიკულ საკითხს უსვამენ ხაზს - დაპირებული საარჩევნო რეფორმის პარლამენტის მიერ ჩაგდებას და მთავრობის მიერ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას.

"ჩვენ ვხვდებით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლების მიცემას იმისთვის, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა. თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ შემდგარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი და ამავდროულად მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, აშკარა ნიშანია, რომ ამ ჩაგდების გამო უკმაყოფილებაა. მთავრობის მიერ პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა" - ნათქვამია წერილში.

ამერიკელი სენატორები ბოლო პერიოდში ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების მიზანში ამოღებასაც უსვამენ ხაზს და აღნიშნავენ, რომ ეს საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

"ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად ესხმიან თავს ან ავიწროვებენ, გვაშფოთებს. იგივეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების თავიდან გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ სიტყვის თავისუფლებით. საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იქნას გამოყენებული მათთვის თავისუფლების შესაზღუდ იარაღად" - წერენ სენატორები და განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამენ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ დანიშვნით. ისინი მიიჩნევენ, რომ კვალიფიკაციის სრულად შეფასების გარეშე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა საქართველოს სასამართლო სისტემას ძირს უთხრის.

"პოლიტიკური მოკავშირეების დანიშვნა უზენაეს სასამართლოში მიუკერძოებელი და მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების ნაცვლად, იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომელთა გამოც რეგიონში საქართველოსი შურდათ. ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, დამატებით შემაშფოთებელი განვითარებაა. იმედი გვაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია ბოროტად გამოიყენოს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად

ჩვენ, წლებია, საქართველოსთან შეერთებული შტატების პარტიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და კვლავ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატიული ფუნდამენტი გაქვთ. თუმცა, ეს მოვლენები გვაპაუზებს და კითხვებს გვიჩენს, რამდენად ერთგულია საქართველო ჩვენი საერთო ღირებულებების. მეტიც, ვშიშობთ, რომ რეფორმების შეფერხება და საქართველოს შიგნით დაძაბულობის ზრდა, რუსეთის უფრო მეტად ჩარევას განაპირობებს ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო მეტად შეექმნება საფრთხე საქართველოს უსაფრთხოებას და ჩვენ შეიძლება, იძულებული გავხდეთ, რომ ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.

დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, გვაქვს მოტივაცია, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი იქნება, საქართველოს დავეყრდნოთ, როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტიორს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სწრაფად შეეცდებით ამ უკუსვლის შემობრუნებას და შეუსრულებთ დანაპირებს ქართველ ხალხს" - ნათქვამია სენატორების წერილში.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო და დემონსტრანტები სპეცრაზმით დაარბია, საქართველოს მთავრობამ ამერიკელი კონგრესმენების და სენატორებისგან რამდენიმე კრიტიკული წერილი მიიღო.

კომენტარები