ევროსაბჭო

ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციისათვის უფლებამოსილების აღდგენას მხარი დაუჭირეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის საპარლამენტო დელეგაციისათვის უფლებამოსილების აღდგენას მხარი დაუჭირა. მომხრე იყო 96 წევრი, წინააღმდეგი 44, თავი შეიკავა შვიდმა.

რეზოლუციაში საუბარია უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, ევროსაბჭოში რუსეთისათვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნების შემდეგ, რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის უკანონოდ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებაზე, მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით პროგრესზე და უკრაინასთან პატიმრების გაცვლაზე შეთანხმებაზე. თუმცა, ასევე აღნიშნულია ევროსაბჭოს პოზიცია ყირიმის უკანონო ანექსიის თაობაზე, რის გამოც 2014 წელს რუსეთს ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.

ამჟამად რუსეთი მონიტორინგის ქვეშაა, რათა შეაფასონ რამდენად ასრულებს ევროსაბჭოს მოთხოვნებს და ვალდებულებებს. მონიტორინგის კომისია რუსეთშიარსებულ სიტუაციას ადგილზე შეაფასებს. შეფასება, სავარაუდოდ, 2020 წლის მაისამდე მოხდება. ევროსაბჭო რუსეთს ახსენებს ვლადებულებას პატივი სცეს და დაემორჩილოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

პარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ ასამბლეა იქნება პლატფორმა, სადაც რუსეთის ფედერაციას პასუხს მოსთხოვენ ევროსაბჭოს ღირებულებების შესაბამისად.

გასული წლის ივნისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა.

ამავე წლის მაისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

კომენტარები