ინფექციური საავადმყოფო

ინფექციურის დირექტორი: 7 ჩინელ ტურისტს სიცხე არ აქვს, 2 ბავშვისთვის დაავადების მესამე დღეა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ყაზბეგიდან გადმოყვანილი ჩინეთის ცხრა მოქალაქიდან შვიდს სიცხე არ აქვს. 

"ესენი განისაზღვრებიან როგორც კონტაქტები და როგორც კონტაქტებს, ისე გაუგრძელდებათ ეპიდზედამხედველობა. ორი ბავშვისთვის არის დაავადების მესამე დღე, აქვთ ტემპერატურა და რესპირატორული მოვლენები, დაავადების პირველ დღესთან შედარებით მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, პირველ ეტაპზე ჩაუტარდებათ ძირითადი პროტოკოლური კვლევები" - ამბობს ეზუგბაია და აღნიშნავს, რომ ბავშვების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ბავშვებს ასევე აუღებენ ანალიზებს ათ შესაძლო ვირუსულ პათოგენზე, რომლის პასუხიც სავარაუდოდ, დღის განმავლობაში იქნება.

ჩინელი ტურისტები საქართველოში ოთხი დღის წინ ჩამოვიდნენ. იმის გამო, რომ ორ ბავშვს სიცხე აქვს, ჩინეთის მოქალაქეების ცხრაკაციანი ჯგუფი ყაზბეგიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში პრევენციისთვის 30 იანვარს გადმოიყვანეს. 

კომენტარები