გიგი უგულავას საქმე

ბასილაია: ეჭვი გვაქვს, რომ უგულავას დაიჭერენ, გადაწყვეტილება 10 თებერვალს გამოცხადდება

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, გიგი უგულავას, ადვოკატის თქმით, 10 თებერვალს უზენაესი სასამართლო უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ბექა ბასილაიას თქმით, მათ აქვთ ეჭვი, რომ უზენაეს სასამართლოში დანიშნულმა შალვა თადუმაძემ მიიღო პოლიტიკური დავალება და ის უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა უკვე მიიღეს პირველი პოლიტიკური დავალება," - თქვა ბექა ბასილაიამ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე. 

ბასილაიას თქმით, საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდება ისე, რომ მოსამართლეების, მერაბ გაბინაშვილის და შალვა თადუმაძისგან, შემდგარი კოლეგია გიგი უგულავასა და მისი ადვოკატის პოზიციებს არ მოისმენენ. 

საქმე ე.წ თბილისის განვითარების ფონდის საქმეს ეხება. ბასილაიას თქმით, ეს არის საქმე, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში ისე დასრულდა, რომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა. 

"დღეს, როდესაც ამ სასამართლომ განაახლა ეს საქმე, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ დავალება არის მიცემული თადუმაძისთვის, რომ გიგი უგულავას თავისუფლება იქნეს აღკვეთილი,"- ამბობს ბექა ბასილაია. 

ადვოკატის თქმით, ამას ის ტენდენცია აფიქრებინეთ, რაც ბოლო პერიოდში გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარეობს, მათ შორის 11 დეკემბერს აეროპორტში მასზე თავდასხმა და შემდეგ ისევ მისთვის ბრალის წარდგენა, ასევე პროკურატურის ოქროს მოწმის, გიორგი კაპანაძის დაკითხვის განახლება. 

"ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, როდესაც ის ამბობს, რომ დაჭერები გაგრძელდება და 10 თებერვალს ჩვენ ისე, რომ სხდომაზეც კი ვერ მივიღებთ მონაწილეობას, გავიგებთ იმას, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო თადუმაძემ, რომელიც საინტერესოა, რომ ამ საქმის საკასაციო საჩივრის მომზადების დროს იყო გენერალური პროკურორი. რამდენიმე თვის წინ ის იყო ამ საქმის პროკურორი და დღეს არის ამ საქმის მოსამართლე," - ამბობს ბექა ბასილაია. 

გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.

2018 წლის 28 თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და გიგი უგულავას დღევანდელი სასჯელი მოხდილად ეთვლება.

კომენტარები