ოპოზიციის გეგმები

უგულავა: პიკეტს ხვალ მოვაწყობთ, პარლამენტსაც მოვუწოდებთ, დღევანდელი სხდომა გადადოს

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტთან დღეს დაგეგმილი აქცია-პიკეტი ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პარლამენტთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ოპოზიციამ სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, გუშინ ღამით მიიღო.

"ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ ღამე ჩვენს ქვეყანაში, მინდა მივუსამძრო მათ ოჯახს და ახლობლებს გაერთიანებული ოპოზიციის სახელით. ამ ტრაგედიის ფონზე, პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, აქცია-პიკეტი, სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა, ვინაიდან მიგვაჩნია, ამხელა ტრაგედიის ფონზე ჩვენ ყველას გვჭირდება გლოვა.

ასევე, მინდა ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, გულწრფელად მოვუწოდო პარლამენტს, დღეს გადადოს პარლამენტის სხდომა, ნიშნად იმისა, რომ ტრაგედიის წინაშე ყველა ვართ სოლიდარული, თანაზიარი და ერთად.

რაც შეეხება მომდევნო გეგმებს, უკვე ხვალ, იმის მიხედვით როცა პარლამენტი გაიმართება და წესით ხვალ უნდა იყოს მომდევნო სესია, ათ საათზე, ჩვეულებრისამებრ, ჩვენ კვლავ შევიკრიბებით და გავაპროტესტებთ იმ უმსგავსობას, გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ პროპორციულ, სამართლიან არჩევნებს" - თქვა უგულავამ.

ბაღდათში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - დედა, ოთხი შვილი და მათი ახლობელი, მოხუცი ქალი.

კომენტარები