ოპოზიციის პროტესტი

მდინარაძე: უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებს დაევალათ, მოიტანონ კონკრეტული თემები

ტაბულა

მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პარლამენტში ჩატარდა, დეპუტატებს თემების მოტანა დაევალათ იმის შესახებ, რაც უკვე გაკეთებულია ან რა არის მიმდინარე პროექტი.

უმრავლესობის სხდომა მოულოდნელად დილის 10 საათზე ჩაინიშნა. ოპოზიციას საპროტესტო აქცია და სირცხვილის დერეფნების მოწყობა პარლამენტთან 11 საათზე ჰქონდა დაანონსებული.

მდინარაძემ თქვა:

"ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დილის 10 საათზე ჩავნიშნე უმრავლესობის სხდომა. არ ვიცოდი, რომ უგულავა გარეთ იქნებოდა დღე, თორემ ჩავნიშნავდი 11-ზე. ამაზე სერიოზულად ლაპარაკი არც შეიძლება.

უმრავლესობის სხდომები იმართება ხშირად. 10 საათზე უნდა დაწყებულიყო იმიტომ, რომ დღეს არის პლენარული სხდომა და უნდა მოგვესწრო საუბრები იმ თემებზე, რომლებიც გავიარეთ. საუბარია რეგიონალურ გამოწვევებზე, მაჟორიტარებს მიეცათ დავალებები, რომ კონკრეტული თემები მოიტანონ, რაც უკვე გაკეთებულია და რა არის მიმდინარე პროექტი.

ასევე, თხოვნა გადაეცათ კომიტეტის თავმჯდომარეებსაც, რომ მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე რა პროექტებია პრიორიტეტული, რა უნდა მოვასწროთ, იმიტომ რომ შემდეგ არ გადაფაროს წინასაარჩევნო რეჟიმმა, რა უნდა დამთავრდეს, ეს ყველაფერი პრიორიტეტულად ჩამოწერონ და მოიტანონ. იყო სხვა, ორგანიზაციულ საკითხებზე საუბარი, მათ შორის არჩევნებზეც. ვერ მოვასწარით, მაგრამ ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემაზე, სადაც ჩვენი შეჯერებული ვარიანტი რაც არის გუნდში, წარვუდგინეთ ოპოზიციას. ამაზე საუბარი ვერც მოვასწარით, გადაიხედება თუ არა, არ გვისაუბრია".

დღეს, 5 თებერვალს ოპოზიციამ მმართველ გუნდს მორიგი საპროტესტო აქცია - სირცხვილის დერეფნები მოუწყო. აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. დემონსტრანტების მოთხოვნაა, შესრულდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

კომენტარები