არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა

კაცს, რომელიც შვილებს მუშაობას აიძულებდა და სექსუალურად ძალადობდა, 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

0 კომენტარი
ფოტო: flickr

კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და სექსუალურად ძალადობდა, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურატურის ცნობით, სასამართლომ მათი მტკიცებულებები გაიზიარა და ერაყის მოქალაქე მ.ა დამნაშავედ სცნო.

უწყების განცხადებით, მ.ა, რომელიც 2013 წლიდან არასრულწლოვან ქალიშვილებთან, ნ.ა-სთან და ბ.ა-სთან ერთად, საქართველოში ცხოვრობს, 2018 წლიდან მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და ლანძღავდა, აიძულებდა ემუშავათ და აღებული ხელფასი სრულად გადაეცათ მისთვის.

მოსწავლე ბ.ა. მამის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის, უძილობისა და დაღლილობის გამო მძიმე ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც 2018 წლის ზამთარში, სამსახურში ყოფნის დროს ხელზე სისხლძარღვები გადაიჭრა.

2018 წლის ზაფხულში ბ.ა-მ მამას უთხრა, რომ რესტორანში მუშაობა აღარ შეეძლო გადატვირთული გრაფიკის გამო და სურდა, თავი დაენებებინა სამსახურისთვის. პასუხად, მ.ა-მ შვილს მაჯაზე სამართებელი გაუსვა.

2018 წლის სექტემბერში მ.ა-მ თავის ქალიშვილს, ნ.ა-ს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის მაისიდან მ.ა. აიძულებდა არასრულწლოვან შვილებს დამორჩილებოდნენ მას და მათზე სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა, უარის თქმის შემთხვევაში კი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა.

სამართალდამცველებმა მ.ა. 2019 წლის 1 მაისს ქ.თბილისში დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორი არასრულწლოვანის მიმართ) და 111,139-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება დაზარალებულის სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები